თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 48 წლის ლ.ძ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა ბათუმში, ანგისისა და ინასარიძის ქუჩებზე მდებარე ორ საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, საიდანაც სამი ნოუთბუქი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.