თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. დედაქალაქის ბიუჯეტი 2020 წელს 121 მილიონი ლარით გაიზრდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მერის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 1 079 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო 2020 წელს ის 1 200 მილიონი ლარი იქნება. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე გაიმართა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან.
„მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას თბილისელების სახელით, რადგან ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ ქალაქისთვის", – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ 2020 წელს დამატებით 200 ახალი 12-მეტრიანი ავტობუსი შეიძინონ.
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნება განსაზღვრულია 14,2 მილიარდი ლარის ოდენობით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრები – 13 მლრდ ლარი იქნება, ხოლო დაფინანსება დონორების მხრიდან – 1,2 მლრდ ლარი.
საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი: ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები>>
2020 წელს ყველაზე დიდ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.