თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ვამაყობ ყველა ჩემი მოთამაშით იმ თამაშის გამო, რომელიც მათ აჩვენეს, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ურუგვაისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრა ქართველების დიდი უპირატესობით 33:7 დასრულდა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება. ბოლო ოთხი თვის, მეტიც, ოთხი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვშრომობდით, ამიტომ უზომოდ მოხარული ვარ, რომ ჩვენი სამუშაო შევასრულეთ“, – განაცხადა ჰეიგმა.
ახალზელანდიელი მწვრთნელის სიტყვებით, იგი აცნობიერებდა, რომ სენსაცია ფიჯისთან ურუგვაისთვის გარდამტეხი მომენტი იქნებოდა, რის შემდეგაც მორალურად რთული იქნებოდა ეიფორიიდან გამოსვლა. მწვრთნელმა ამის თაობაზე თავისი მოთამაშეები გააფრთხილა.
არანაკლებ კმაყოფილია გუნდის თამაშით კაპიტანი ჯაბა ბრეგვაძე. როგორც „ბორჯღალოსნების“ კაპიტანი ფიქრობს, თამაში ქართველი რაგბისტებისთვის მძიმე გამოცდა იყო.
„ჩემი აზრით, გამარჯვებისთვის მთელი ჩვენი შესაძლებლობა გამოვიყენეთ. მატჩისთვის მზადების ყოველ დღეს ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ საჭირო იყო მთელი ძალის გამოყენება შედეგის მისაღწევად. გვინდოდა, ჩვენს გულშემატკივარს, რომელმაც დილით ადრე გაიღვიძა, რათა ჩვენი თამაშისთვის ეყურებინა, ჩვენით ეამაყა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბრეგვაძემ.
საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი: ბიჭებს ვთხოვე, ანგარიშზე არ ეფიქრათ >>
საქართველოს ნაკრებს 3 ოქტომბერს ფიჯის ნაკრებთან რთული შეხვედრა ელის. ორი მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდი D ჯგუფში 5 ქულით მესამე ადგილზეა. მას უელსი და ავსტრალია უსწრებენ.