თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტებს აკრიტიკებს.
ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ სოციალური მედიის საუკუნეში რთული იქნება ახალი ამბების მიკერძოებულად გაშუქებისას „კაი ტიპებად“ გამოჩნდნენ.
„კურიერის“ ჟურნალისტებო, სპეცრაზმელი რომ გაათავისუფლეს და მარტო კადრები მოხვდა თქვენს ნიუსში არ გიტყდებათ? იმ ფონზე როცა 7 წლის ბავშვი მშიერია იგივე სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მამის უმძიმესი მდგომარეობა არ აღმოჩნდა მოსამართლისთვის საკმარისი არგუმენტი. მათ, ვისაც ეგონათ რომ შარზე ვიყავით, აუცილებლად უყურეთ „კურიერს“ და მიხვდებით რომ ადამიანები არ იცვლებიან“, – წერს ჟორჟოლიანი.
ერთ თვეზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ ეთერში 25 სექტემბერს გავიდა. მისი წამყვანი ნათია ლაზაშვილი ეთერში ზუსტად იმ პიჯაკით დაბრუნდა, რომელიც 13 წლის წინ იმ დროს ეცვა, როდესაც „კურიერი“ დატოვა.
მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დაიბრუნა, იმავე დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დააფუძნა. ჟურნალისტების დიდი ნაწილი ნიკა გვარამიასთან წავიდა, ნაწილი კი „რუსთავი 2“-ზე დარჩა.