ვანო სულორი
მირიან მეფეს ფართო საზოგადოება იცნობს როგორც მეფეს, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. მაგრამ ის, რომ მირიანი იმავდროულად დიდი პოლიტიკოსი და სარდალი გახლდათ, რომელმაც იბერიის სამეფო სპარსთა ბატონობისგან დაიხსნა და მისი საზღვრები განავრცო და გააფართოვა, ამაზე ბევრმა არაფერი უწყის.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის ბოლოს, იბერიაში ასფარუგ პირველის მეფობის დროს ქვეყანაში სპარსელთა ბატონობა დამყარდა. დამარცხებული მეფე ოვსეთში გადავიდა ჯარების შესაკრებად, რათა ტახტი დაებრუნებინა, მაგრამ იქ გარდაიცვალა.
ასფარუგს ძე არ დარჩენია. ამით ისარგებლა სპარსეთის შაჰმა ქასრემ, ასფარუგის ქალიშვილი აბეშურა შვიდი წლის სპარს უფლისწულზე დააქორწინა და იბერიის მეფედ დასვა. ეს იდეა შაჰს მისმა სპასპეტმა მაეჟანმა და ქართველმა ერისთავებმა მიაწოდეს, მათ სთხოვეს შაჰს უფლისწულის ასფარუგის ასულზე დაქორწინება. თუმცა ერისთავებმა ქასრეს ისიც უთხრეს, თუ სპარსული სარწმუნოების თავს მოხვევას, იბერიის სამეფოს გაუქმებასა და ქართველების სპარსელებში აღრევას მოიწადინებ, ზედ შეგაწყდებითო.
შაჰს რომთან გართულებული ვითარების გამო არ აწყობდა იბერიელებთან მტრობა და ერისთავთა პირობას დათანხმდა, დასვა თავისი მცირეწლოვანი ძე „მეფედ მცხეთას და მისცა ქართლი, სომხითი, რანი, მოვაკანი და ერეთი... არამედ დაუტევა მამამძუძედ და განმგებლად წარჩინებული ერთი, რომელსა ერქუა მირვანოზ“.
ანუ ქვეყნის რეალურ მმართველად სპარსი მირვანოზი დანიშნა, 7 ათასი რჩეული მეომარი დაუტოვა მცველად, ხოლო კიდევ 40 ათასი მხედარი „დახსნა ჰერეთს და მოვაკანს და სომხეთს“.
სანამ მირიანი გაიზრდებოდა, ქვეყანას მისი მამამძუძე მართავდა. პირობის თანახმად, მირიანს ორი რჯულის — სპარსული ცეცხლმსახურებისა და ქართველთა კერპების სიყვარულს უნერგავდნენ, მაგრამ, როგორც „ქართლის ცხოვრება“ წერს, მან „შეიყუარნა ქართველნი და დაივიწყა ენა სპარსული და ისწავლა ენა ქართული“ და ეს ყოველივე „ქართველთა სათნოებისათვის ქმნა“.
როდესაც მირიანი 15 წლისა შესრულდა, ცოლი გარდაეცვალა. ასფარუგის ქალიშვილის სიკვდილით „ამოსწყდა მეფობა და დედოფლობა ქართსა შინა ფარნავაზიანთა მეფეთა“ და რადგან იბერიელებს ღირსეულ მმართველად სხვა არავინ ეგულებოდათ, მეფობა მირიანს დარჩა.
ამასობაში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა საგარეო პოლიტიკაში. რომის იმპერატორმა დიოკლიტიანემ სპარსეთზე გაიმარჯვა და ნისიბინის ზავით იბერია, სომხეთი და მესოპოტამია რომაელთა გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. მირიან მეფე იძულებული გახდა ანგარიში გაეწია შექმნილი ვითარებისათვის და დაქვრივებულმა მეფემ „მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, პონტოთ, ასული ოლღოტოსისი, სახელით ნანა“.
თუმცა ამით იბერიასა და რომს შორის ურთიეთობა არ გაუმჯობესებულა. საქმე ისაა, რომ ზავის მიუხედავად სპარსეთი და რომი კვლავინდებურად იბრძოდნენ კავკასიისათვის და რომაელები ფრიად დაინტესებული იყვნენ სპარსეთის მომხრე მირიანის ტახტიდან ჩამოგდებით. ამადაც იმპერატორმა თავის ხელდასმულ სომხეთის მეფე თრდატ მესამეს ჯარი გაუგზავნა იბერიის წინააღმდეგ საომრად.
ომი, რომელიც რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ჯერ თრდატი იმარჯვებდა, მერე კი მირიანმა დაჯაბნა მეტოქე, მაგრამ იბერიის მეფემ ამ წარმატებით ვერ ისარგებლა. ის იძულებული გახდა, მთელი ძალები ჩრდილოეთიდან შემოჭრილი მომთაბარეების წინააღმდეგ მიემართა და სომხეთზე უარი ეთქვა.
მემატიანის ცნობით, მირიანს გაუთავებელი ომი ჰქონდა „ხაზარებთან“, მაგრამ, რა თქმა უნდა, არავითარი ხაზარებს იმ დროს კავკასიონი არ გადმოულახავთ. ციმბირში მომთაბარე ეს ტომი მდინარე ვოლგის აქეთ მხოლოდ VI საუკუნეში გამოჩნდა. უბრალოდ, გვიანი ხანის ქართველი და სომეხი მემატიანეები იმ დროს კავკასიის სიახლოვეს მოთარეშე ყველა თურქულ ტომს ხაზარებად მოიხსენიებდნენ. ანუ, რეალურად მირიანიცა და ვახტანგ გორგასალიც ებრძოდნენ არა ხაზარებს, არამედ მრისხანე ჰუნებსა და მათ მოკავშირე სხვა მომთაბარე ტომებს. მირიანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ მან მაინც მოახერხა დამპყრობლების ისევ კავკასიის ქედს იქით განდევნა.
თუ ქართულ წყაროებს ვერწმუნებით, როდესაც სპარსეთის მეფე გარდაიცვალა, მირიანის უმცროსი ძმა ბარტამი ავიდა ტახტზე. მაგრამ სპარსეთის გვირგვინზე მირიანსაც ჰქონდა პრეტენზია. იბერიის მეფემ შეკრიბა ლაშქარი და ბაღდადისკენ დაიძრა, რომელიც მაშინ სპარსეთს ეკუთვნოდა. ბარტამმაც „შეკრიბნა სპანი ურიცხუნი და მიეგება ბრძოლად“.
მეტოქეები ერთმანეთს ნისიბინის ველზე შეხვდნენ, მაგრამ ბრძოლა არ გამართულა. სპარსი უხუცესები და მარზპანები ძმებს შორის ჩადგნენ „მოციქულად და ბჭედ“. მირიანმა განუცხადა მათ, სპარსეთის სამეფო ტახტი მე მეკუთვნის როგორც უფროს ძეს და აგრეთვე იმიტომაც, რომ საკუთარი სისხლის ფასად გიცავთ ხაზარებისგანო, მაგრამ უხუცესებმა მეფობა ბარტამს დაუმტკიცეს, მირიანს კი „გულის სადებლად მისცეს ბარტამისაგან ჯაზირეთი და შამის ნახევარი და ადარბადაგანი“ (ჩრდილოეთ ირანი და დასავლეთ სირია).
მირიანი ქართლში გამობრუნდა. მაგრამ სანამ თავის სამეფომდე მიაღწევდა, ქართლში შემოჭრილ ოსებთან მოუხდა შეტაკება. მეფემ დაამარცხა მოთარეშენი, კავკასიის გადაღმა გადარეკა ისინი, დაარბია მათი სამკვიდრო და გამარჯვებული დაბრუნდა სამშობლოში.
ამის მერე ისევ განახლდა ომი რომსა და სპარსეთს შორის. იმ დროისათვის ირანის ტახტზე უკვე მირიანის ძმისწული იჯდა, რომელმაც ბიძას ჯარის შეკრება და სომხეთის გავლით საბერძნეთის ერთობლივად დალაშქვრა შესთავაზა. მართლაც შეკრიბეს ურიცხვი ლაშქარი ბიძა-ძმისწულმა, გაიარეს სომხეთი და მივიდნენ საბერძნეთს. მეფე კონსტანტინემ ვერ გაუწია წინააღმდეგობა მირიანსა და მის ძმისწულს, იმპერატორი დამარცხდა. იბერიელებმა რომის მოკავშირე სომხეთი დაიკავეს და მეფე თრდატი ქვეყნიდან გაიქცა.
მაგრამ დამარცხებულმა კონსტანტინე დიდმა მაინც მოახერხა ომის ბედის შემობრუნება, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა სპარსეთს, იბერიელებიც დაამარცხა და სომხეთიც დაიბრუნა. ქართლში დაბრუნებულმა მირიანმა მოციქული გაუგზავნა იმპერატორს და მშვიდობა ითხოვა. კონსტანტინემ იბერიის მეფის წინადადება სიხარულით მიიღო, მისი ძე ბაქარი მძევლად აიყვანა, მერე კი მირიანი და თრდატი დაამოყვრა — მირიანის ძე რევს თრდატის ასული სალომე შერთო ცოლად.
საზღვარიც კონსტანტინემ განუჩინა სომხეთსა და იბერიას. მან ასე გაყო სადავო მიწები: ის მდინარეები, რომლებიც სამხრეთით მიემართებოდნენ და არაქსს ერთვოდნენ, სომხეთის საკუთრებად გამოცხადდა, ხოლო ის მდინარეები, რომლებიც ჩრდილოეთით მიედინებოდნენ და მტკვარს ერთვოდნენ, მირიანის საკუთრებად იქნა აღიარებული. ამგვარი გაყოფის შედეგად სომხეთის უდიდესი ნაწილი იბერიის სამეფოში შევიდა:
„მეფობდა მირიანი ქართლს, რანს, ერეთს და მოვკანს, და აქუნდა ეგრისიცა ვიდრე ეგრის წყლამდე“.
ანუ ახლანდელი აზერბაიჯანის მდინარე აგრი-ჩაიმდე.
სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ მოხდა ნადირობის ცნობილი ეპიზოდი და ქართლში წმიდა ნინოს მოღვაწეობა, რასაც ქვეყნის გაქრისტიანება და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მოჰყვა.
ქართლის მოქცევამ ფრიად გაახარა კონსტანტინე კეისარი, რომელმაც მძევლად დატოვებული ვაჟი ბაქარი მირიანს დაუბრუნა და შემოუთვალა, ამიერიდან ძმები ვართ და ჩვენ შორის მძევლობა საჭირო აღარაა, რადგან შუამდგომლად ქრისტეც საკმარისიაო.
ახლადმოქცეულმა მირიანმა მთელი დარჩენილი სიცოცხლე ამიერკავკასიაში ქრისტიანობის გავრცელებას შეალია. წარმართთა ქრისტეს რჯულზე მოქცევით ის იბერიას უქვემდებარებდა ისეთ მიწებს, რომელიც მანამდე მისი კუთვნილება არ ყოფილა და ამაში ხელს უწყობდა კონსტანტინოპოლის სამეფო კარიც.
ქრისტიანობის გავრცელებით მირიანმა შეუქცევადი გახადა იბერიელთა შედუღაბებისა და ერის საბოლოო ფორმირების პროცესი.