მადლობა ასეთი საქართველოსთვის – გერმანული Voice-ის გამარჯვებულმა სიმღერა Georgia წარადგინა

© photo: Natia Todua Official / FBნათია თოდუა
ნათია თოდუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალმა ნოსტალგიურ–პატრიოტული სიმღერა ქართველ ემიგრანტებს მიუძღვნა.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ვოკალური შოუს The Voice of Germany 2017 გამარჯვებულმა ნათია თოდუამ ახალი სიმღერის Georgia კლიპი გადაიღო. სიმღერა შესულია მის სადებიუტო ალბომში Miss you და ის მთელ მსოფლიოში გაფანტულ ქართველ ემიგრანტებს ეძღვნება.

პატარა ქართველი მომღერლის ფურორი კარნეგი–ჰოლში >>

პირველი სტუდიური სოლო ალბომი თოდუამ გერმანიაში ჩაწერა. სიმღერების უმეტესობას მომღერალი ინგლისურად ასრულებს.

რაც შეეხება კომპოზიციას Georgia, ისიც ინგლისურ ენაზე ჟღერს და შიგადაშიგ ერთვება ფრაზები ქართულ და აფხაზურ ენებზე. ნათია თოდუა წარმოშობით აფხაზეთიდან, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდანაა.

„Georgia – პირველი სიმღერაა ჩემი ალბომიდან Miss you. უდიდესი მადლობა ყველას, ვინც მის შექმნაში დამეხმარა. ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და თითოეულმა ჩვენგანმა მისი მომავლის შენებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ესაა ადგილი, რომელმაც გაგვზარდა და ერთმანეთს დაგვაკავშირა. მოდით, ყველანი ერთად ვეცადოთ, ის უკეთესი გავხადოთ, რათა მომავალ თაობებს კიდევ უფრო ლამაზი და საუკეთესო სამშობლო დავუტოვოთ“, – წერს ნათია თოდუა თავის Facebook-გვერდზე.

კლიპს, რომლის ავტორიც რეჟისორი ლევან აბულაძეა, რამდენიმე დღის განმავლობაში გუდაურში იღებდნენ.

როგორც გერმანიაში, საქართველოშიც ნათია თოდუას ახალ ნამუშევარს ძალიან თბილად შეხვდნენ. ინტერნეტ-მომხმარებელი მადლობას უხდის მომღერალს ასეთი პატრიოტული სულისკვეთების სიმღერისთვის და წარმატებას უსურვებს მას.

ნათია თოდუა 23 წლისაა. მღეროდა ჯგუფ „ვაკის პარკის“ ბექ-ვოკალში. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო X-Factor-ის ქართულ ვერსიაში, 2015 წელს კი – უკრაინულ X-Factor-ში. ნათია თოდუას კერპი ამერიკელი როკ-მომღერალი ჯენის ჯოპლინია. ამჟამად ნათია ცხოვრობს და მუშაობს როგორც გერმანიაში, ისე საქართველოში. 2018 წელს მომღერალი იყო პირველ არხზე მიმდინარე ტელეშოუს – „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრი. 

ყველა ახალი ამბავი
0