თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. ვარკეთილში მესამე მიკრორაიონში 322-ე კორპუსის ავარიული სადარბაზოს მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი, იუწყება პირველი არხი.
ვარკეთილში ავარიული კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს: კორპუსს პოლიცია იცავს >>
როგორც სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ განაცხადა, კორპუსში გამაგრებითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მისივე თქმით, ნგრევის საფრთხე არ არსებობს, თუმცა როდის დაუბრუნდებიან ევაკუირებული ოჯახები საცხოვრებელ სახლს, ჯერჯერობით უცნობია.
„პირველადი დასკვნის საფუძველზე პანიკა იყო შექმნილი, რომ ეს კორპუსი ინგრეოდა. კორპუსი არ ინგრევა. საშიშროება იყო 2-3 სართულის კიბის უჯრედის ჩამოშლის და მოსახლეობის უსაფრთხოების გამო მოხდა მათი ევაკუირება. გუშინ ღამის განმავლობაში გამაგრდა კიბის უჯრედი შესაბამისი საყრდენებით და მიმდინარეობს ახლა უსაფრთხოების ზონის შექმნა. დაიწყება კომპლექსური მუშაობა კორპუსის კარკასის გასამაგრებლად. მოსახლეობის შეყვანა როდის მოხდება, ამას გვეტყვიან კონტრაქტორები, ვინც განახორციელებს მუშაობას“, - განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, სასტუმროში დაბინავებულ მოსახლეობას კორპუსის გამაგრებამდე შესაბამის ფართებში ქირით გადაიყვანენ.
„მარტო მერვე სადარბაზოა ასეთი საფრთხე, დანარჩენ სადარბაზოში საფრთხე არ არის და მოსახლეობა ჩვეულებრივად ცხოვრობს. ექსპერტიზის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი“, - განაცხადა სამხარაძემ.
ვარკეთილში 322-ე კორპუსში საინჟინრო ჯგუფმა სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა პირადი ნივთების გამოტანა შეძლეს. ნივთების გამოტანაში მათ მეხანძრე-მაშველები ეხმარებოდნენ.
ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო საცხოვრებელი კორპუსის ევაკუაცია წუხელ განხორციელდა.
ვარკეთილში ნგრევის საშიშროების გამო ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს >>
კორპუსიდან დროებით სულ 18 ოჯახი გაასახლეს. ოჯახებმა, რომლებსაც საკუთარი სახლების დატოვება მოუხდათ, ღამე სასტუმროში გაატარეს.
კორპუსის მეორე სართულიდან ჩამოშლილი იყო საყრდენი კედლის გარე ფასადის ნალესი და დაბზარული იყო კედლები.
ადგილზე ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.