თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან სამი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, ორი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, ერთი კი ძებნილი იყო. აღნიშნულმა ფაქტმა არა მარტო ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. სკანდალი განსაკუთრებით მას შემდეგ გაღვივდა, რაც გაირკვა, რომ ერთ-ერთი შეწყალებული 2014 წელს პოლიციელის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ საკითხზე გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, სახელმწიფო ვიზიტის შესახებ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
რაზე ისაუბრა მოკლული დავით ოთხმეზურის მამამ პროკურატურაში >>
შეკითხვაზე, თუ რა კონკრეტული კრიტერიუმებით იხელმძღვანელა და გაეცნო თუ არა საქმეებს პირადად გადაწყვეტილების მიღებამდე, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო.
„გადაწყვეტილება ჩემით მივიღე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება, ეს არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება რაღაც ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც აქვს ეს უფლება, რომ შეაფასოს გარემოებები და არ გამართოს ახალი სასამართლო“, - აღნიშნა მან.
ზურაბიშვილის განცხადებით, სიის ავტორი არის ერთადერთი ადამიანი და ის თავად პრეზიდენტია.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ რაღაც გარემოებებში და რომლებიც მე, ჩემი შეფასებით, ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა შემეწყალებინა“, - აღნიშნა მან.
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.
გუშინ შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომელი გამოკითხეს. მანამდე პროკურატურაში გამოკითხეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.
სკანდალის ფონზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს და შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ოპოზიციამ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა. პრეზიდენტის თქმით, ახალი წესების განხილვაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.