თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ისტორიკოსის მარიკა ლორთქიფანიძის ვაჟიშვილი გიორგი ოთხმეზური მისი 14 წლის შვილის მკვლელის შეწყალებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტს აკისრებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ყოფილი ცოლის მკვლელობა და სუიციდის მცდელობა - რა მოხდა თელავში >>
სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა. სამი მათგანი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, ორი – ნარკოტიკით ვაჭრობისთვის, ერთი კი იძებნებოდა.
„პასუხისმგებლობა ეკისრება სალომე ზურაბიშვილს. არ მაინტერესებს, ვისი გადაწყვეტილება იყო, ვინ ურჩია, ვინ ფული აიღო, ნაცნობობით გაკეთდა, სიყვარულით, თუ მტრობით. ამას არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის. კითხვები სალომე ზურაბიშვილსა და დიმიტრი გაბუნიას არ შეხებია, მათი გვარები არც უხსენებიათ. ისიც მკითხეს, დამიკავშირდა თუ არა ვინმე პრეზიდენტისგან, მე ვუთხარი, რომ ჰქონდათ კომუნიკაციის მცდელობა, თუმცა მე უარი ვუთხარი“, – აღნიშნა ოთხმეზურმა პროკურატურის დატოვების შემდეგ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ოთხმეზური გასამართლებულთა სკანდალური შეწყალების აქტის გამოძიების ფარგლებში გამოკითხა.
დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის 2004 წელს ასლან ბეჟანიძე გაასამართლეს. ბეჟანიძე მართლმსაჯულებას 12 წელი ემალებოდა.
14 წლის დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. კონფლიქტი პეკინის №24-ში მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა, რა დროსაც ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მოზარდს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ოთხმეზურს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.