თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ტყიბულელი მეშახტეები, რომლებიც უკვე მესამე დღეა ხელფასების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ქალაქს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს.
ტრაგედიების სერიის შემდეგ ტყიბულის 25-ვე შახტი 2018 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დახურეს. ამის მიუხედავად მეშახტეები ხელფასს იღებდნენ, მაგრამ ამჯერად ჯამაგირის გაცემა გაჭიანურდა. მეშახტეები ხელფასებს 15 სექტემბრამდე ელოდებოდნენ. კომპანია „საქნახშირმა" განაცხადა, რომ მას ფინანსური პრობლემები აქვს.
„ესაა თხოვნა მთავრობისადმი, რომ მან გაითვალისწინოს ტყიბულის მდებარეობა. რელიეფიდან გამომდინარე და ასევე მცირე მოსახლეობის გათვალისწინებით, ქალაქ ტყიბულს შეიძლება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დაუბრუნდეს. ეს სტატუსი ქალაქს სადღაც 2005 წლამდე ჰქონდა, მაგრამ შემდეგ გააუქმეს", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ერთ-ერთმა მეშახტემ ონისე საპანაძემ.
მისი თქმით, ტყიბულისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება მოსახლეობას ყოფას შეუმსუბუქებს, რადგან ამ შემთხვევაში მათ კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები დაუწესდებათ.
„ახლა ეკონომიკის მინისტრს ველოდებით. მას, ჩემი აზრით, კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს. ველოდებით, რა გადაწყვეტილებას გვეტყვის. თუ ის მისაღები იქნება ჩვენთვის, ყველაფერი მშვიდობიანად გაგრძელდება", – აღნიშნა საპანაძემ.
ტყიბულში მაღაროელთა მუშაობა კითხვის ქვეშ დგას - „საქნახშირს“ ფინანსური პრობლემები აქვს>>
ამჟამად განსაკუთრებული შეღავათებით (გაზრდილი პენსიებით, შეღავათიანი ტარიფებით და სხვა პროგრამებით) საქართველოს 1,7 ათასი დასახლებული პუნქტის 300 ათასზე მეტი მცხოვრები სარგებლობს. ამ პროგრამების მიზანია ამ ადგილების ცხოვრებისთვის მიმზიდველ ადგილებად ქცევა და მათი დაცლის თავიდან აცილება.
რაც შეეხება საპროტესტო აქციას, მეშახტეების ნაწილი მინდელის სახელობის შახტშია, ხოლო ნაწილი – ძიძიგურის სახელობის. ისინი შახტებიდან ამოსვლაზე უარს აცხადებენ. მათი მხარდამჭერი ნაწილი კი მიწის ზევით აპროტესტებს.
პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, მეშახტეები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი ვერ ფარავენ კრედიტებს ბანკებში და ამ კრედიტებს ემატება პროცენტები, ასევე გადასახდელია კომუნალური გადასახადები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ სოციალურ მდგომარეობას. ამას გარდა, მათ არ იციან, როდის შეძლებენ სამუშაოდ გასვლას.
მეშახტეების პრობლემის გადაჭრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას დაავალა. პრემიერმა მას მოუწოდა, იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი და მკაცრი, რადგან საუბარია მოქალაქეების უფლებების დაცვაზე.
პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყოველთვის უჭერს მხარს ბიზნესს, მაგრამ ბიზნესმენებმაც უნდა გაითვალისწინონ დასაქმებულების სოციალური ვალდებულებები.
რატომ იხოცებიან მაღაროელები საქართველოში და ვინ დაიცავს მათ უფლებებს?>>
ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია „საქნახშირის" ყოველთვიური ხარჯი დასაქმებულების ხელფასებსა და სადაზღვევო პაკეტებზე 1,2 მლნ ლარს შეადგენს.