ერთადერთი ქართველი კაპიტანი ჰოლანდიაში, რომლის გემიც ქართული დროშით დაცურავს

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ჰოლანდიაში მცხოვრებ გემის ქართველ კაპიტანს გაგაცნობთ.

საქართველოში შინაურები ოთოს ეძახიან, ჰოლანდიაში ოტოთი მიმართავენ. თბილისელი ოთარ კიკვიძე 25 წელია, რაც ჰოლანდია–ბელგია–გერმანიის წყლებში დაცურავს. საიალქნო სპორტით პირველად თბილისში დაინტერესდა, როცა სკოლის მოსწავლე იყო. შემდეგ ბათუმის საზღვაო სასწავლებელი დაამთავრა და უკვე 20 წლის ასაკში კაპიტნის მესამე თანაშემწის სტატუსი მიანიჭეს.

მისი ეკიპაჟის წევრები სლოვაკი, ჩეხი, ჰოლანდიელი და ფილიპინელი მეზღვაურები არიან. წლების მანძილზე ქართველმა კაპიტანმა მათი ნდობაც დაიმსახურა და ამ სფეროში გარკვეული ავტორიტეტიც მოიპოვა. მუშაობდა ისეთ ცნობილ ფირმებში, როგორიცაა Van Oord და Smit tak en Salvage. ამჟამად მართავს ტანკერს, რომელსაც ქვეყანაში ნავთობი გადააქვს.

მას რეისზე ყოფნის დროს დავუკავშირდით...

© photo: courtesy of Otar Kikvidze / FB ოთარ კიკვიძე გემის შტურვალთან
ერთადერთი ქართველი კაპიტანი ჰოლანდიაში, რომლის გემიც ქართული დროშით დაცურავს - Sputnik საქართველო
ოთარ კიკვიძე გემის შტურვალთან

- ბატონო ოთარ, როგორ და როდის დაიწყო თქვენი ჰოლანდიური საგა?

- ჰოლანდია ოდითგანვე განთქმული იყო როგორც საზღვაო ქვეყანა. როგორც იცით, რუსულ და შემდეგ საბჭოთა ფლოტს დასაბამი ჰოლანდიიდან აქვს (პეტრე პირველის დროიდან). საზღვაო ტერმინოლოგიაში დღემდე ჰოლანდიური ტერმინები გამოიყენება. 90-იან წლებში, როცა საქართველოში ყველაფერი აირია, ჩვენთან ქართული გემების გაყიდვა დაიწყეს. ბევრი ფიქრის შემდეგ ჩემი პროფესიისთვის ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად იმ დროს ჰოლანდია ჩავთვალე. 

- როგორც გაირკვა, არჩევანში არ შემცდარხართ, რადგან აქ თქვენს სფეროში წარმატებით დამკვიდრდით, უკვე წლებია საპასუხისმგებლო საქმე გაქვთ ჩაბარებული...

- სანამ დღევანდელ დღემდე მოვიდოდი, რთული გზა გამოვიარე, მაგრამ ყველაფერი გადავლახე და უკვე 25 წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. ადრე ვმუშაობდი გემებზე, რომელიც ასრულებდა ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა არხების გაღრმავება, მიწის საშუალებით ჯებირებისა და კუნძულების ამოყვანა, სპეც-ტრანსპორტის გადაზიდვა, ქარის წისქვილებისა და საბურღი კუნძულების სექციების ტრანსპორტირება. საკმაოდ სერიოზული და რთული საქმეა, რომელსაც ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი.

© photo: courtesy of Otar Kikvidze / FB ოთარ კიკვიძე ოთარ კიკვიძე - კაპიტნობამდე
ერთადერთი ქართველი კაპიტანი ჰოლანდიაში, რომლის გემიც ქართული დროშით დაცურავს - Sputnik საქართველო
ოთარ კიკვიძე ოთარ კიკვიძე - კაპიტნობამდე

- საქართველოში საზღვაო ქალაქში არ ცხოვრობდით და გემის კაპიტნობაზე ბავშვობიდან ოცნებობთ?

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, საშუალო სკოლაც აქ დავამთავრე. ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო. როცა მეხეთე კლასში ვიყავი, მეგობრები კუს ტბაზე ავედით და მაშინ ჩემს ცხოვრებაში პირველად იალქნიანი ნავით გავცურე. საიალქნო სპორტმა ისე მომხიბლა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ბათუმის საზღვაო სასწავლებელში გავაგრძელე. 20 წლის ასაკში უკვე კაპიტნის მესამე თანაშემწის საბუთები მქონდა. სწორედ მაშინ აირია საქართველოში ყველაფერი და, როგორც უკვე მოგიყევით, ჰოლანდიაში აღმოვჩნდი. 

© photo: courtesy of Otar Kikvidze / FB ოთარ კიკვიძის გემი ქართული დროშით
ერთადერთი ქართველი კაპიტანი ჰოლანდიაში, რომლის გემიც ქართული დროშით დაცურავს - Sputnik საქართველო
ოთარ კიკვიძის გემი ქართული დროშით

- თუ გახსოვთ, როცა 90-იანი წლების საქართველოდან ამსტერდამში აღმოჩნდით, რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი ეფექტი?

- განსხვავებული და ეფექტის მომხდენი იყო ყველაფერი, რაც პირველად დავინახე და ვიგრძენი. ყველაზე დიდი შოკი ამ ქვეყანაში არსებული თავისუფლების შეგრძნება იყო. ცოტა ხანში გავაცნობიერე, რომ თუ ეს თავისუფლება სწორად არ გამოიყენე, ის შეიძლება შენი მოსისხლე მტერი გახდეს...

- როგორია ჰოლანდიური გემის ქართველი კაპიტანი?

- თავისი საქმის მოყვარული და მოწესრიგებული, აქ სხვანაირად ვერც იქნება. შემიძლია გადაჭარბების გარეშე გითხრათ, რომ ჩემი ეკიპაჟის წევრები თავის ქართველ კაპიტანს აფასებენ და ჩემთან მუშაობა უხარიათ. მე ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ ჰოლანდიაში მათ მსგავსად მეც ნულიდან დავიწყე ცხოვრება და გამოვიარე ყველაფერი, რაც ეკიპაჟის თითოეულმა წევრმა გამოიარა. გარდა იმისა, რომ ამ სფეროში უკვე მაქვს საჭირო გამოცდილება, მათი მშვენივრად მესმის და საერთო ენას ადვილად ვპოულობ. საქართველოზე ხშირად ვუყვები ამბებს და მათ უკვე იციან შოთა რუსთაველზე და მნიშვნელოვან ფაქტებზე ჩვენი ისტორიიდან. ხვდებიან, რომ ჩემი წარმოშობით ძალიან ვამაყობ და ამის გამო კიდევ უფრო მეტად მცემენ პატივს.

© photo: courtesy of Otar Kikvidze / FB ქართველი კაპიტანი ეკიპაჟის ჰოლანდიელ წევრებთან ერთად
ერთადერთი ქართველი კაპიტანი ჰოლანდიაში, რომლის გემიც ქართული დროშით დაცურავს - Sputnik საქართველო
ქართველი კაპიტანი ეკიპაჟის ჰოლანდიელ წევრებთან ერთად

- ვიცი, რომ ჰოლანდიურ გემზე ქართული დროშაც გაქვთ აღმართული და ისე დაცურავთ...

- როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა, მაშინ ბუენოს-აირესში ვიყავით და ქართული დროშა პირველად სწორედ იქ ავაფრიალეთ. ჰოლანდიურ გემზე კი პატარა ქართული დროშა მაქვს დამაგრებული და წყალში ისე გავდივარ. შეიძლება ეს ამბავი ზოგს არ მოსწონს კიდეც, მაგრამ გემზე მე ვწყვეტ ამ საკითხს, თანაც, ჰოლანდიური ფლოტის მენეჯერის თანხმობაც მიღებული მაქვს. უცხოურ გემზე მომუშავე ქართველი მეზღვაურები ქართულ დროშას რომ ხედავენ, ბავშვივით უხარიათ ხოლმე...

- რომელი იყო თქვენი ყველაზე დასამახსოვრებელი რეისი?

- როცა რეისში გადიხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ამისთვის საჭიროა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად იყო ძლიერი. 2011 წელს, თებერვლის თვე იყო, მაშინ კაპიტანი ჯერ არ ვიყავი, გემბანზე ფეხი დამიცურდა და წყალში ჩავვარდი. მაშველი ჟილეტი არ მეცვა, ჰაერის ტემპერატურა კი ოთხი გრადუსი იყო. ამ დროს ეკიპაჟის ერთმა წევრმა დამინახა და ამომიყვანა. დინება რომ ყოფილიყო, ან იმ ადამიანს არ დავენახე, წყალში დიდხანს ვერ გავძლებდი, რადგან სიცივის გამო მოძრაობა მიჭირდა. მაშინ პირველად ჩავხედე სიკვდილს თვალებში და ჩემ თავზე გამოვცადე, თუ რას ნიშნავს მეზღვაურების ძმობა და ერთგულება... ამაში მოგვიანებითაც არაერთხელ დავრწმუნდი.

© photo: courtesy of Otar Kikvidze / FB ოთარ კიკვიძე მეგობრებთან ერთად
ერთადერთი ქართველი კაპიტანი ჰოლანდიაში, რომლის გემიც ქართული დროშით დაცურავს - Sputnik საქართველო
ოთარ კიკვიძე მეგობრებთან ერთად

- კითხვა, რომელსაც უცხოეთში მცხოვრებ ყველა ქართველს ვუსვამ: საქართველოში რა გენატრებათ?

- საქართველოში მთელი საქართველო მენატრება... რაც მთავარია, მენატრება ქართული სითბო, რომელიც ჯერ არ დაკარგულა. ქართულ საუბარსა და სითბოს მონატრებული, ახლობლების გარდა, ხშირად უცნობ ქართველებსაც ვეკონტაქტები ხოლმე. ოღონდაც კი ქართულ ენაზე იყოს და სიამოვნებით ვლაპარაკობ ყველაფერზე და არაფერზე... არსად ასეთი სითბო არ იგრძნობა ადამიანებს შორის, როგორც ქართველებში, სწორედ ეს სითბო მაკლია რეისში გასულს და ხმელეთზეც, უკვე მეორე სამშობლოდ ქცეულ ქვეყანაშიც...

 

ყველა ახალი ამბავი
0