დემურ გიორხელიძე: მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკური ზრდის ტემპს შეანელებს

© Sputnik / Levan Avlabreliდემურ გიორხელიძე
დემურ გიორხელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის შესახებ, როგორ აისახება ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარზე და ეკონომიკაზე ზოგადად, „Sputnik-საქართველოსთან“ ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ ისაუბრა.

ნატა პატარაია

საქართველოს ეროვნული ბანკი 25 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომას გამართავს, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთის მორიგი ზრდაა მოსალოდნელი.

რეფინანსირების განაკვეთი პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" კვლევების თანახმად, 1 აგვისტოსთვის მცურავი საპროცენტო განაკვეთით გაცემული იყო დაახლოებით 98,3 ათასი კრედიტი, რომელთა უმეტესობა რეფინანსირების განაკვეთზე არის მიბმული. კრედიტების საერთო მოცულობამ 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, ეროვნული ბანკის პოლიტიკის გამკაცრება ამ საკრედიტო რესურსების გაძვირებას გამოიწვევს.

გამვლელები თბილისში - Sputnik საქართველო
ხალხის ხმა ციფრებში... ანუ ვის, რა, როგორ და რატომ?

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.90 ნიშნულს გადასცდა.

უწყების მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე 4 სექტემბერს ერთხელ უკვე გაზარდა და განაცხადა, რომ მზადაა განაგრძოს პოლიტიკის გამკაცრება, სანამ ზეწოლა გაცვლით კურსზე არ შესუსტდება. თუმცა ამას გაცვლით კურსზე არსებითი გავლენა ჯერ არ მოუხდენია.

ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპს შეანელებს, მიაჩნია ანალიტიკოს დემურ გიორხელიძეს.

„რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ფული გაძვირდება ბანკებისთვის, შესაბამისად, მოსახლეობისთვის გაძვირდება სესხები. ამ დროს ეკონომიკას სჭირდება ფული. უფრო ძვირი ფული კი ნიშნავს ნაკლებ სესხებს. ეს აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკის ზრდის ტემპების გარკვეულ შენელებას და ჩვენ ისევ დავრჩებით ზრდის იმ ტემპებში, რაც ახლა არის. ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება სასარგებლო ვერ იქნება“, – აღნიშნა დემურ გიორხელიძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
კოჭლი, რომელიც მარდია...

ანალიტიკოსის თქმით, აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სებ-ის მხრიდან სულაც არ იქნება სწორი ნაბიჯი.

მანამდე ეროვნულმა ბანკმა დოლარის მიმართ ლარის კურსზე ზემოქმედების მოხდენა ბაზარზე სავალუტო ინტერვენციით სცადა.

მას შემდეგ, რაც 1 აგვისტოს ლარმა ახალი ანტირეკორდი (2,9718 GEL/1$) დაამყარა, ეროვნულმა ბანკმა 32 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა. მიზანი თითქოს მიღწეული იქნა – ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, თუმცა 8 აგვისტოდან ვარდნის პროცესი ისევ განახლდა.

გაცვლითი კურსი - Sputnik საქართველო
ლარის სასექტემბრო „ამბიციები“, ანუ სულ უფრო დაბლა და ფსკერთან ახლოს...

დემურ გიორხელიძის თქმით, როდის უნდა შეიძინოს ან გაყიდოს დოლარი ეროვნულმა ბანკმა, ეს საერთო მონეტარული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. 

„როდესაც მთლიანობაში მონეტარული პოლიტიკა არ არის გამართული, მაშინ მსგავს ოპერაციებს კარგი არაფერი მოაქვს. ამიტომ ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში ცდება და ეს შედეგებზე აისახება კიდეც. გამართული რომ იყოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ლარი ასეთ გაუგებარ მოძრაობებს არ გააკეთებდა და თითქმის 30 პროცენტით არ გაუფასურდებოდა“, – აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.

ანალიტიკოსის განმარტებით, სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა, რომ მთავრობის ფისკალური პოლიტიკა მთლიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყოს.

„ცალკე ეროვნული ბანკი და ცალკე მთავრობა – ასე არ გამოდის. ამიტომ სწორედ მაკროეკონომიკური პოლიტიკის პრობლემაა დღეს საქართველოში. როდესაც მთავრობის ფისკალური ანუ საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ერთმანეთში შეკრული არ არის, ეროვნული ბანკი აკეთებს იმას, რაც მას უნდა, შედეგი კი რაც გვაქვს, კარგად ჩანს“, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

ანალიტიკოსის აზრით, შექმნილ ვითარებაში ლარის ხელოვნურად გამყარებაც არაა მაინცდამაინც კარგი იდეა.

„მთავარია ლარი იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი. სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს ეს. ამიტომ ლარის გამყარება ნიშნავს ახალი ასი ათასობით ლარის ამოღებას ადამიანების ჯიბიდან, თანაც კურსი მერე ისევ დავარდება“, – აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.

ბანკომატი - Sputnik საქართველო
ბევრი ლარი და ცოტა დოლარი... ანუ მთავარი ბანკირის ჰობი თუ თვითმიზანი?

ოფიციალურად საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლარის გაცვლითი კურსი მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესშიც უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

24 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,9709 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0050 ლარით გამყარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0