აბაშიძე იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უფრო ეფექტური გახდება

© photo: Sputnik / Stringerზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა უცხოელი პარტნიორების რჩევებზე ტერიტორიული პრობლემების მოგვარების საკითხებში.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს მეტი შესაძლებლობები აქვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

„დაცდა მოგვიწევს“ – აბაშიძე კარასინის გადადგომის შემდეგ პრაღის მოლაპარაკებებზე საუბრობს>>

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ორი ქვეყნის დიპლომატების პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფორმატით არის შენარჩუნებული. პრაღაში განიხილავენ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, სატრანსპორტო კომუნიკაციის თემებს, ჰუმანიტარულ პრობლემებს და ა.შ. პოლიტიკური პრობლემები უკვე ჟენევის მოლაპარაკებების თემაა.

„საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოსაზრებაა, რომ ჟენევის ფორმატის შესაძლებლობები სრულად არ არის გამოყენებული. სწორედ ამაზე მიმდინარეობს ახლა ნიუ-იორკში საუბარი – თუ როგორ ამაღლდეს ეფექტურობა და შედეგიანობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა. მაქვს იმედი, რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგმება ამ თვალსაზრისით", – განაცხადა აბაშიძემ.

საქართველოს ტერიტორიული პრობლემები და ურთიერთობები რუსეთთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ჟენევის მოლაპარაკებებს ჯერ თავისი თავი არ ამოუწურავს

„რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს დიალოგი, თქვენ ეს დიალოგი აუცილებლად უნდა გააგრძელოთ, თქვენი გასაკეთებელი საქმე უნდა გააკეთოთ – ამას გვირჩევენ ჩვენ, ამას ურჩევენ რუსეთის სხვა მეზობლებსაც, მათ შორის, ჩვენ უკრაინელ მეგობრებსაც. ისინი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გვიჭერენ მხარს, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათი მხრიდანაც იყოს გარკვეული ზეწოლა რუსეთზე, მაგრამ ჩვენი გასავლელი გზა ჩვენ უნდა გავიაროთ და რუსეთთან უნდა ვაწარმოოთ დიალოგი, რათა გამოინახოს რაღაც ერთობლივი შეხების წერტილები", – აღნიშნა აბაშიძემ.

მისი განცხადებით, თუ ბოლო წლებში სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა საკითხებში გარკვეული შედეგები მაინც არის მიღწეული, პოლიტიკური მიმართულებით არანაირი პროგრესი არაა.

მთლიანობაში, რუსეთი რთული პარტნიორია, მარტო ჩვენ არ გვიჭირს, აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

გახარიას მთავრობის პროგრამა: პრიორიტეტია კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა>>

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0