თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ქართულმა მხარემ ჯერ არ იცის, ვინ მიიღებს მონაწილეობას პრაღის რეგულარულ მოლაპარაკებებში რუსული მხრიდან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინის გადადგომის შემდეგ.
აბაშიძე: კარასინთან გამართულმა მოლაპარაკებებმა პრაღაში რეალური შედეგი გამოიღო >>
კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე ევგენი ივანოვმა შეცვალა.
„ჩვენ მივიღეთ ეს ინფორმაცია, გავეცანით, მაგრამ სხვა რაიმე დეტალური ინფორმაცია პრაღასა და ჟენევაში შეხვედრების თაობაზე ჯერ არ გვაქვს. დაცდა მოგვიწევს“, – განუცხადა აბაშიძემ „Sputnik-საქართველოს“.
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და ორი დიპლომატის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში ივანოვი 1995 წლიდან მუშაობდა და ცენტრალურ აპარატსა და უცხოეთში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებს იკავებდა. 2004-2006 წლებში საქართველოში რუსეთის საელჩოში მრჩევლად მუშაობდა.
2006-2008 წლებში ივანოვი იყო მინისტრის თანაშემწე, მინისტრის სამდივნოს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
2008-2013 წლებში მინისტრის სამდივნოს ხელმძღვანელობდა.
2013-2017 წლებში საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი იყო.
2016 წლიდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი იყო.
2017 წლის ოქტომბერში ივანოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.