თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
1971 წელს დაბადებული დ.ბ. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა.
პოლიციამ, დ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღო.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.