ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე, ვერ გაიგებ რა სიურპრიზს გიმზადებს. ბედობა დღეს, ექოსკოპიაზე მისულ მაია ჯიშკარიანს მოულოდნელად უთხრეს, რომ სამ ტყუპს ელოდებოდა და ამით მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. 29 წლის დედას მანამდე ერთი გოგონა – ანა-მარია ჰყავდა. როგორც მაია ამბობს, ეს ამბავი ოჯახისთვის ძალიან დიდი სიხარული და სიურპრიზი იყო.
სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ 100 მშობიარობაზე ერთი ტყუპი მოდის. სამი და ოთხი ტყუპის შობის შემთხვევები კი გაცილებით იშვიათია. სამი ტყუპი ყოველ 1 000 მშობიარობაში იბადება, ოთხი – ყოველ 10 000 ახალშობილში.
- პირველ რიგში გილოცავთ ამ დიდ სიხარულს. როგორ გრძნობთ თავს მრავალშვილიანი დედის ამპლუაში?
- უცებ ოთხი შვილის დედა გავხდი და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ძნელია ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა.
2015 წელს შემეძინა საოცრება გოგო ანა-მარია, მთელ დროს ჩემ შვილს ვუთმობდი, საოცარი ურთიერთობა გვაქვს. ანა-მარია უკვე ოთხი წლისაა. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვინდოდა და ან ძმა ჰყოლოდა, სქესს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩვენთვის. ღმერთმა კი ამხელა ბედნიერება გვაჩუქა სამი ტყუპის სახით.
- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა გითხრეს, რომ სამი ტყუპი გეყოლებოდათ?
- ბედობა დღეს ექოსკოპიაზე გვითხრეს, რომ ჩემ სხეულში სცემდა არა ერთი, არა ორი, არამედ სამი პაწაწუნა გული. მანამდე ანა-მარია ამბობდა, დედას სამი ბაია ჰყავსო. ეს იყო რაღაც სასწაული, უცებ ვერც გავაცნობიერე, თუ რა ხდებოდა ჩემ თავს. იყო ძალიან დიდი სიხარული და ამავე დროს შიშიც.
- მეუღლე როგორ შეხვდა ამ ამბავს?
- რა თქმა უნდა, ისიც გაოცებული და აღფრთოვანებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამა ტყუპისცალი მყავს და დებიც ტყუპები, წამით არ გვიფიქრია, რომ მეც ტყუპების დედა გავხდებოდი, თან სამის. მაგრამ სასწაულები ხდება, დაიჯერეთ და აგიხდებათ, ყველაზე დიდი ბედნიერება მოულოდნელად გვეწვევა.
- როგორი ორსულობა გქონდათ? ერთდროულად სამ ბავშვს ატარებდით მუცლად, არ გაგიჭირდათ?
- ძალიან რთული ორსულობა მქონდა – სულ წოლითი რეჟიმი. ძალიან ძლიერი ექიმების დახმარებით მივედით უსაფრთხო ვადამდე. გადაწყდა სასწრაფო საკეისრო კვეთა. მიუხედავად უამრავი სირთულისა, უფლის ნებით, ჩემი ბიჭები ჯანმრთელები მოევლინენ ქვეყანას.
- როგორ ახერხებთ ერთდროულად სამი ახალშობილის მოვლას, გეხმარებათ ვინმე?
- ძიძა ვერ ამყავს, ამიტომ დროებით ჩემი დის ოჯახში ვცხოვრობთ. ჩემი და მეხმარება ბავშვების მოვლაში. მეუღლე, სამსახურიდან გამომდინარე, მხოლოდ პირველი კვირა იყო ჩვენთან და ძალიან მეხმარებოდა. ყველაფერში მაქსიმალურად იყო ჩართული, ბავშვების კვებაშიც, ის არის ჩვენი ოჯახის იმედი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იდეალური მამაა.
- როგორც სამი ტყუპის და უკვე მრავალშვილიან დედას სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის დახმარება დაგენიშნათ?
- ვერავის დავავალდებულებ რამით დამიდგეს გვერდში, ვერც სახელმწიფოს, ვერც საპატრიარქოს, რადგან, როგორც გვითხრეს, მათ ასეთი საკითხები არ ეხებათ. ორ ტყუპს აქვს 150-150 ლარი დანიშნული. პირველი ტყუპი მეორე შვილად ჩათვალეს და არ დაუნიშნეს. ძმები იყოფენ 300 ლარს. თითქმის არაფერში გვყოფნის, მაგრამ ამისთვისაც მადლობელი ვართ. როცა დღეში 25 ლარი ჯდება მხოლოდ კვება, მცირედიც მნიშვნელოვანია, ამას პლუს პამპერსი, ტანსაცმელი, ძალიან დიდი ხარჯები გვაქვს. კარგი იქნებოდა რამე კანონი მოქმედებდეს მსგავსი შემთხვევის დროს, კვება მაინც იყოს თუნდაც ნახევარ ფასად, ესეც დიდი შეღავათია.
- დაიკო როგორ შეხვდა ძმებს?
- ანა-მარია მოუთმენლად ელოდა თავის ძმებს, სახელებიც თვითონ შეურჩია. თავიდან იყო ეჭვიანობის მომენტები, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ ამის მიზეზი არ მივცე, გიჟდება თავის ძმებზე. ძალიან მახარებს და ბედნიერებას მანიჭებს, სრულიად უცხო ადამიანების რეაქცია ჩემი შვილების დანახვაზე. არ იშურებენ სითბოსა და სიყვარულს, რაც ძალიან სასიამოვნოა. ვუსურვებ ყველას, ბედნიერება არ მოკლებოდეთ. ღმერთმა აჩუქოს შვილი ყველა წყვილს. ყველა დედას ჯანმრთელად უმყოფოს უფალმა შვილი...