თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში ქარი და ნალექი მოსალოდნელი არ არის, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო საკუთარ Facebook-გვერდზე.
გასულ უქმეებზე საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიწია, მთაში მოთოვა, დაბლობში კი ქარის სიძლიერემ წამში 30 მეტრს მიაღწია. კვირას, დღის მეორე ნახევარში ქარი ჩადგა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ოთხშაბათამდე ქვეყნის რაიონების უმეტეს ნაწილში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში +12-29 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 8-13, დასავლეთში კი 10-15 მეტრი იქნება.
ხუთშაბათს ცალკეულ რაიონებში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +11-26 გრადუსი, დასავლეთში კი +14-27 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 8-13, დასავლეთში კი 10-15 მეტრია მოსალოდნელი.
რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს, უახლოეს დღეებში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები თბილისში +12-25 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, ქარის სიჩქარე კი წამში 10-15 მეტრი იქნება.