თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. ბახმაროში თოვლის გამო რამდენიმე ოჯახი გარე სამყაროსგან მოწყვეტილია, იუწყება პირველი არხი.
ბახმაროში თოვლის საფარის სისქე 30 სანტიმეტრს აღწევს.
ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ამჟამად ბახმაროში იმყოფება რამდენიმე ოჯახი, არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. მისივე თქმით, ადგილზე მყოფები დახმარებას ითხოვენ, რათა ბახმაროდან გამოსვლა შეძლონ.
„ხელისუფლების წარმომადგენლები თვალს ვადევნებთ სამუშაოებს. იქ დაახლოებით 35 ოჯახი იმყოფება. სამუშაოები რამდენიმე საათში დასრულდება და ყველა მათგანს გამოვიყვანთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ.
საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა შაბათს. ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაეცა, ქვეყნის უმეტეს რაიონში ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღწევდა.