თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომავალ კვირას სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება, სადაც 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, ნათქვამია სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ზურაბიშვილი სესიის ფარგლებში მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებს. ცნობილია, რომ 23 სექტემბერს ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ სამიტში, სადაც ქართული ყურძნის ენდემური ჯიშების მრავალფეროვნებაზე ისაუბრებს.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს შეხვედრებში, რომლებიც ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებს მიეძღვნება.
ზურაბიშვილი ასევე სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს შეხვდება და ოფიციალურ მიღებას დაესწრება.
ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ნიუ-იორკში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის პირველი გამოსვლა იქნება. ამ წლების განმავლობაში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრები გამოდიოდნენ.