თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისელი უსინათლო ესმა გუმბერიძე გაეროში ქართველი ახალგაზრდობეს წარმომადგენელი გახდა, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
უსინათლო მუსიკოსის კონცერტი ცეცხლმოდებულ პიანინოზე: მომნუსხველი ვიდეო >>
24 წლის ესმამ გაიმარჯვა ეროვნულ კონკურსში „ქართველი ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“. ესმა გაემგზავრება ნიუ-იორკში ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში, სადაც ქართული დელეგაციის სრულუფლებიანი წევრის სტატუსით მონაწილეობას გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებში მიიღებს.
გუმბერიძე კომიტეტის სხდომაზე ინგლისურ ენაზე სიტყვით გამოვა - ის ისაუბრებს მთავარი გამოწვევების შესახებ, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოში ახალგაზრდობის წინაშე დგას.
ნიუ-იორკში გამგზავრებამდე ესმა გუმბერიძე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავს. ახალგაზრდები გაუზიარებენ მას თავის პრობლემებს, რომლებსაც ესმა ორგანიზაციის შტაბ-ბინის ტრიბუნიდან გააჟღერებს.
გარდა ამისა, გოგონა მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მიერ ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში, აღნიშნავენ უწყებაში.
საქართველოში უსინათლო პირთათვის გამყოლი ძაღლის სერვისი დაინერგება >>
პროგრამა „ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ 1981 წელს შემუშავდა. მაშინ გენერალურმა ასამბლეამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს დელეგატების რიცხვში ახალგაზრდობის წარმომადგენლების ჩართვის ინიციატივით მიმართა.
საქართველო პროგრამაში 2012 წელს ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სრულ დაფინანსებაზეა.
ესმა გუმბერიძე კონკურსში „ქართველი ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ მონაწილეობას ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში იღებდა. მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, არის რამდენიმე საერთაშორისო სტუდენტური გაცვლითი პროგრამის მინაწილე.
გოგონა სწავლობდა აშშ-სა და გერმანიაში. არის თარჯიმანი, ბლოგერი და ტელეწამყვანი.
ოჯახთან ერთად მშობლიური ქუთაისიდან თბილისში გადავიდა, რადგან, როგორც უსინათლო მოზარდი, სრულფასოვანი განათლების მისაღებად უკეთეს პირობებს საჭიროებდა.