თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ორ ადამიანს დაეცა, იუწყება „Sputnik-საქართველო“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მამაკაცი მსუბუქად დაშავდა, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა.
აგრეთვე, ვარკეთილში ხე მანქანას დაეცა.
უწყებაში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში თბილისის მასშტაბით სულ 25 შეტყობინება მიიღეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან კი დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა იქნება.