ბათუმელი პოეტი ნანო შაინიძე ორი წიგნის ავტორია. ამბობს, რომ ყოველთვის ცხოვრების ავანსცენაზე დგას და ამიტომაც თავისი ლექსების პირველ კრებულსაც ასევე უწოდა. ცხოვრებაში განცდილი, ლექსების გარდა, ნამდვილ სცენაზეც გადაიტანა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დაარსებულ დასს ჩაუდგა სათავეში. ბათუმის ფესტივალზე „გია ქურიძის სახელობის ახალგაზრდულმა დასმა" პირველი ადგილი დაიკავა.
თვლის, რომ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, განსხვავებულად აღიქვამს, ამიტომ საკუთარ თავზე და ცხოვრებაზეც განსხვავებულად, განცდებით და მხატვრულად საუბრობს.
- ქალბატონო ნანო, საკუთარ თავს როგორ გააცნობდით უცნობ ადამიანს?
- ჩემი ადგილის დედა ხულოს რაიონის სოფელი რაქვთაა და ამიტომ სხალთისმიერი მორჩილება და მოკრძალება ფესვებიდან მომყვება. არც გაშლილი ატმის ყვავილებიდან დავბადებულვარ და არც დამსკდარი ბროწეულის სიხასხასე დამყოლია. ღვინობისთვეს გავჩნდი და ალბათ ამიტომაც დამდევს მუდმივ თანამგზავრად ბადაგისეული არეული ხილვები და მათრობელობაც, მიყუჩებაც და სიშლეგეც... არადა, ჩვეულებრივი, ნაწნავებიანი გოგონა ვყოფილვარ. ოღონდ სხვებთან შედარებით უფრო ფართოდ გახელილი თვალები მქონდა. ყველაფერს ცოტა სხვანაირად ვხედავდი, ვიდრე სხვები. ეღიმებოდათ, შენ სულ უცნაურად გეჩვენება ყველაფერიო. ვწერ ბავშვობიდან, მეხუთე კლასიდან.
- თქვენ ლექსებში ხშირად იხსენებთ ბავშვობას, როგორი იყო ის დრო?
- მე ოჯახის ნებიერა, ნაბოლარა, მერვე შვილი ვიყავი და ეს იყო ყველაზე ბედნიერი ხანა ჩემ ცხოვრებაში. ახლაც თვალწინ მიდგას ზამთრისპირის ლბილი ბინდი... ვხედავ მამას, რომელიც ღონივრად მიაბიჯებს და თან ღიღინებს. მერე კისერზე შემომისკუპებს. დედა ცდილობს არ ჩამოგვრჩეს და მამას მარცხენა მკლავზე ეხუტება. ნეტავ, რა უფრო ძლიერი იყო მაშინ – მამაჩემის მხრები თუ დედამიწა?..
- ხშირად ამბობთ, რომ ფუფალასავით მარად შეყვარებული ხართ...
- რა თქმა უნდა, მიყვარდა… მიყვარდა, როგორც უყვართ ხოლმე ჩემნაირებს. 15 წლის ვიყავი, როცა ოჯახს მოვეკიდე. ყველაფერი გარშემო უჩვეულოდ ლამაზი მეჩვენებოდა და ჩემად მეგულებოდა. მერე დედა გავხდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი გიორგი ზეცაში წაიყვანეს ანგელოზებმა და ჩემთვის დედამიწაზე ყველაფერი გააუდაბნოვდა. ამის მერეც არ იკმარა განსაცდელმა ჩემი ცრემლი, მეუღლე ჯერ აფხაზეთის ომში დაიჭრა და შემდეგ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ისევ ცრემლი, ისევ ძაძები, ისევ სიმარტოვე, მაგრამ ამჯერად გამჩენმა ბედნიერების ორი ნამსხვრევი გამოიმეტა – ჩემი ორი მარგალიტი, ქალ–ვაჟი… ჩემ მიერ გამოვლილ უღიმღამო დღეების ფონზე მხოლოდ ისინი ბრწყინავენ როგორც ღამის უდაბნოში ჩარჩენილი ბროლის ნამსხვრევები. თუმცა, გავიდა დრო და, ამდენ ქარტეხილს გადარჩენილი, ისევ არ დამინდო ბედმა და მეორე მეუღლეც წამართვა... ახლა ვდგავარ ცხოვრების ქვაფენილზე და ვსუნთქავ მასზე სანთლებად ანთებული სიყვარულით და ლამაზი მოგონებებით, ჩვენი საგა რომ ჰქვია...
- „ჩემი ავანსცენა" - ასე თქვენს კრებულს შემთხვევით არ დაარქვით...
- მე ყოველთვის ვიდექი ჩემ ავანსცენაზე და ჩემი სულიერი მდგომარეობის შესაფერის მიზანსცენას ვდგამდი. გულწრფელი ვარ ცხოვრებაშიც... ჩემს მეორე წიგნს დავარქვი „არეულები“ და ხშირად მეკითხებიან, ვინ არიან ისინიო. არეულები არიან პერსონაჟები, რომლებიც ჩემ გონებაში არსებობენ და ბოლოს ერთ გმირში იყრიან თავს...
- შემდეგ ავანსცენა ნამდვილ თეატრში გადაიტანეთ...
- ჩემი მეორე მეუღლე რეჟისორი გია ქურიძე იყო. იგი იყო ასევე ჩემი ცხოვრების უმთავრესი მოვლენა – ქმარიც, შეყვარებულიც, მეგობარიც, მასწავლებელიც, ერთი სიტყვით, ყველაფერი. 2003 წელში მან ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრში ლიტერატურულ-თეატრალური დასი დააარსა. 2014 წლიდან მისი საქმე მე გავაგრძელე და დასს მისი სახელიც მივანიჭეთ. 2015 წლის 14-15 თებერვალს ბათუმში ჩატარებულ თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც საქართველოს სკოლებს შორის გაიმართა, პირველი ადგილი ავიღეთ. გავიმარჯვეთ ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი". ფესტივალზე წარდგენილი გვქონდა რევაზ ინანიშვილის მოთხრობის „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოების" მიხედვით დადგმული სპექტაკლი.
- რა აძლებინებს ადამიანს, რა უადვილებს ცხოვრებას?
- ადამიანებს რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვიადვილებს ცხოვრებას... როგორც სულმნათმა ნოდარ დუმბაძემ თქვა, თუ გიყვარს, ადამიანი ხარ, თუ უყვარხარ – ღმერთიო. მე ადამიანობაზეც ყაბულსა ვარ, მთავარია, შევძლო და მიყვარდეს. სამყარო ისეთი სავსე და ლამაზია მაგ დროს, რომ სულაც არ მიჭირს მიწიერი პრობლემებით ცხოვრება...