ნეტა შემეძლოს სიბერის შეჩერება: ბებია და შვილიშვილი, რომლებმაც ინტერნეტსივრცე აღაფრთოვანეს

© photo: Giviko Didia Official / FBგივიკო დიდია ბებიასთან ერთად
გივიკო დიდია ბებიასთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
გივიკო და ნათკა დღეს ინტერნეტ-სივრცეში ყველაზე პოპულარული ბებია-შვილიშვილია. ვიდეოებს, რომლებსაც გივიკო საყვარელ ბებიას ყოველდღიურად უღებს და შემდეგ სოციალურ ქსელში ტვირთავს, ასი ათასობით ნახვა აქვს.

დამეთანხმებით, ბებია-ბაბუების შვილიშვილებისადმი სიყვარული განსაკუთრებული გრძნობაა. ეს სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ ბებია-ბაბუები მზად არიან ყველაფერი დათმონ შვილიშვილებისთვის. უანგაროდ გაიღონ მსხვერპლი მათი ბედნიერებისთვის, კეთილდღეობისთვის. ასეა ნათელა ბებოც, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს შვილიშვილები. თუმცა ზოგჯერ  უბრაზდება კიდეც გივიკოს. ეს მაშინ, როცა ნათკა ბებოს ვიდეოებს ინტერნეტში „წერს“.

© photo: Giviko Didia Official / FBგივიკო დიდია ბებიასთან ერთად
ნეტა შემეძლოს სიბერის შეჩერება: ბებია და შვილიშვილი, რომლებმაც ინტერნეტსივრცე აღაფრთოვანეს - Sputnik საქართველო
გივიკო დიდია ბებიასთან ერთად

- სამწუხაროდ, „უდიპლომო სასიძო“ ვარ. ძალიან მინდოდა თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. ოჯახური პირობებიდან გამომდინარე ვეღარ გავაგრძელე. ვმუშაობ კულტურის ცენტრში, როგორც მომღერალი და სხვადასხვა ღონისძიების წამყვანი. ასევე სხვადასხვა ქალაქებში მაქვს ივენთები. ვცხოვრობ გურიაში, ჩოხატაურის რაიონში. ეს არის ყველაფერი, რაც ჩემ შესახებ შემიძლია გითხრათ.

- თქვენი ბავშვობა გაიხსენეთ, სად გაიზარდეთ, როგორი ბავშვი იყავით?

- დავიბადე და გავიზარდე ჩოხატაურის რაიონში, აქ დავამთავრე სკოლა. აქტიური ბავშვი ვიყავი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე. სულ სიმართლის სადარაჯოზე ვიდექი.

© photo: Giviko Didia Official / FBგივიკო დიდიას ბებია
ნეტა შემეძლოს სიბერის შეჩერება: ბებია და შვილიშვილი, რომლებმაც ინტერნეტსივრცე აღაფრთოვანეს - Sputnik საქართველო
გივიკო დიდიას ბებია

- ბებია ბავშვობაშიც ისე ძლიერ გიყვარდათ, როგორც ახლა?

- კი, ბებია ყოველთვის ძალიან მიყვარდა. უბრალოდ მაშინ სოციალური ქსელი არ იყო, ამიტომ მხოლოდ მეზობლები და ახლობლები ხედავდნენ ჩვენ დიდ სიყვარულს. ძალიან ლამაზი გოგო იყო ჩემი ნათკა. ნეტავ შემეძლოს სიბერის შეჩერება, ნეტა შემეძლოს მისგან მისი დაცვა. ბევრი სირთულე გამოიარა, მაგრამ ხშირად მიფიქრია, შეიძლება თუ არა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ყოველთვის, როცა უარყოფით პასუხამდე მივდივარ, ბებია და ბაბუა მახსენდება. ბაბუა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. არ ვიცი რამდენი წელი იცხოვრეს ერთად. ფაქტია, ძალიან ბევრი... არც ის ვიცი, რა პრობლემები ჰქონდათ, რაზე კამათობდნენ, უფიქრიათ თუ არა დაშორებაზე. ვიცი მარტო ის, რომ ბებია დღემდე ძალიან თბილად იხსენებს და ამბობს, რომ საუკეთესო ქმარი ჰყავდა და რაც ის გარდაიცვალა, თავადაც აღარ ცოცხლობს. ხშირად მიყვება ხოლმე, როგორ უყვარდა ბაბუას და როგორ ვერ უბედავდა თქმას. როგორი წყვილი იყო, როგორი ოჯახი შექმნეს და როგორ ზრდიდნენ შვილებს. მე ბაბუა თეთრი თმით და წვერით მახსოვს. უზომოდ თბილი ადამიანი იყო, ისეთი თბილი, რომ აგრესია ვერასოდეს ვერ გაგიჩნდებოდა. და კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს, ყოველთვის, როცა ბებიას თვალებში ბაბუის გახსენებაზე მომდგარ ცრემლს ვხედავ, ვხვდები, რომ შეიძლება.

- ხშირად გაძლევთ ბებია რჩევა-დარიგებებს?

- კი, საკმაოდ ხშირად.

- და რამდენად ხშირად ითვალისწინებთ?

- შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ყოველთვის ვითვალისწინებ. ერთხელ მითხრა, იმაზე ნერვიულობის ნაცვლად, რაც შესაძლოა არ მოხდეს, გიჯობს ის დააფასო და შეირგო, რაც ახლა გაგაჩნიაო და ყველა ის სიმდიდრე ჩამომითვალა, რაც მართლაც გამაჩნია: ჯანმრთელობა, ძმა, მშობლები, ნიჭი, მეგობრები.  

ჩემი დილა იწყება ყავასთან და ბებიასთან ერთად მისი რჩევებით, რომელიც არის იმედებით, სიყვარულით სავსე. ნამეტანი ბედნიერი ადამიანი ვარ. მსოფლიოში საუკეთესო ბებიას შვილიშვილი ვარ. გათენება მიხარია მასთან ერთად.

- ხშირად გიბრაზდებათ?

- მხოლოდ მაშინ, როცა გაიგებს, რომ ფეისბუქზე „დავწერე“.

- ახლა მასთან ერთად ცხოვრობთ?

- კი, მასთან ერთად ვცხოვრობ. მენანება და ძალიან მტკივა მის გარეშე გატარებული ყოველი დღე.

- თქვენ გარდა სხვა შვილიშვილი თუ ჰყავს და მათთან როგორი დამოკიდებულება აქვს?

- კი, ჩემ გარდა კიდევ სამი შვილიშვილი ჰყავს და მართლა ყველა ერთნაირად ვუყვარვართ.

- სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული ბებია-შვილიშვილი ხართ. რამ განაპირობა თქვენი პოპულარობა და ბებია როგორ შეხვდა ამ ამბავს, უკითხავთ ხოლმე კომენტარებს?

- არ ველოდი ამხელა სითბოს, სიყვარულს, ამდენ დადებით ემოციას. ძალიან დიდი მადლობა ყველას. გაუცნობლად მეძვირფასება ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩემთვის ერთი თბილი სიტყვა ემეტება. 2015 წლიდან დღემდე უფრო და უფრო მეტი ადამიანი მათბობს და მახარებს. რაც შეეხება ნათკას, მიხარია, რომ ზუსტად დავანახე ხალხს ჩვენი სიყვარული და მისი საოცარი ადამიანობა. უფრო მეტად ბედნიერი ვარ, რომ ჩემზე მეტად უყვართ და ელოდებიან.

- არაჩვეულებრივად მღერით. თქვენი ნიჭის შესახებაც მოგვიყევით. სიმღერას რა ადგილი უკავია თქვენ ცხოვრებაში, რამდენი წლიდან მღერით და ახლა სად მოღვაწეობთ?

- დიდი მადლობა, მიხარია ეს შეფასება. პატარა ასაკიდან ვმღერი. სიმღერა ჩემი სულის ნაწილია, ძალიან მეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მტკივა, როცა დეპრესიას ვებრძვი. ახლა დროებით ვისვენებ, რადგან ეს დრო ყველაზე ძვირფასია და ნათკას სჭირდება.

- როცა ბებია თქვენს სიმღერას უსმენს, ალბათ ძალიან ამაყობს...

- ამაყობს და ძალიან ბედნიერია. დასტურად ვიდეოც შემიძლია გამოგიგზავნოთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0