თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. ქართველი სუმოს მოჭიდავე ლევან გორგაძე, რომელიც ტოჩინოშინის სახელითაა ცნობილი, ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს ტურნირზე მეექვსედ დამარცხდა.
აკი ბაშოს მეთერთმეტე დღეს ტოჩინოშინი შეხვდა სეკივაკე მიცუნობუ ტაკაკეოსოს, რომელმაც ტურნირზე მეცხრე გამარჯვება მოიპოვა და მაეგასირა მეისემთან ერთად შეჯიბრის ერთ–ერთი ლიდერი გახდა.
არც ისე ცუდი დასაწყისის მიუხედავად, ორთაბრძოლის უკვე მეცხრე წამზე ტოჩინოშინი მსაჯს დაეჯახა და დოჰიოს საზღვრებს გარეთ აღმოჩნდა.
როგორც ცნობილია, შეჯიბრის მეათე დღეს ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მეხუთე მაეგასირა ტიოტაირუ დაამარცხა. ქართველმა სპორტსმენმა თავისი საყვარელი ილეთი იორიკირი გამოიყენა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
ტურნირის თერთმეტი დღის შემდეგ ტოჩინოშინს კვლავ გამარჯვებებისა და დამარცხებების უარყოფითი ბალანსი აქვს – 5:6. წინ კიდევ ოთხი სატურნირო დღე და მხოლოდ ერთი მარცხის უფლება აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ოძეკის წოდებას დაკარგავს.
ტურნირის მეთორმეტე დღეს ტოჩინოშინი შეხვდება სეკივაკე მიტაკუმის. მათი პირადი შეხვედრების ანგარიში ქართველი სპორტსმენის სასარგებლოდ არის 8:3. მიმდინარე აკი ბაშოზე მიტაკუმიმ უკვე რვაჯერ გაიმარჯვა და მიუახლოვდა ოძეკის წოდებას.