თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველო დღეს „ევრონიუსის“ დიდი ოჯახის წევრი ხდება, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც „ევრონიუსი საქართველოს“ დაფუძნების ცერემონიას დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ახალი ამბების არხი და ციფრული პლატფორმა „სილქნეტისა“ და „ევრონიუსის“ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არხის შექმნის იდეა პრეზიდენტს ექვსი თვის წინ გაუჩნდა, როდესაც ის თბილისში სტუმრად მყოფ „ევრონიუსის“ გადამღებ ჯგუფს ხვდებოდა.
„ჩვენ ვხდებით ამ დიდი მედიაოჯახის წევრი. ეს აზრი სულ რაღაც ექვსი თვის წინ გაჩნდა და დღეს უკვე განხორციელებულია“, — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, „ევრონიუსი საქართველოს“ დაფუძნება წინ გადადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ვინაიდან ქვეყანა „ევრონიუსისგან“, პროგრამების გარდა, იმ ევროპულ სტანდარტებსაც მიიღებს, რომელიც ასე სჭირდება ქართულ მედიასივრცეს.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არხის დაფუძნებით ევროპული პროფესიონალიზმი, ინფორმაციის მიმართ ევროპული მიუკერძოებლობა და ევროპული სიმტკიცე შემოვა“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი რამიშვილის განცხადებით, ახალი საინფორმაციო არხი Euronews Georgia იქნება მაღალი მედიასტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი, რომლის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკა სრულ შესაბამისობაში იქნება „ევრონიუსის“ სტანდარტებთან.