საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა დაკრედიტების წესები გადახედოს

© Administration of the President of Georgia / FBკობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სესხების გაცემისას ბიუროკრატიული სისტემა შეიძლება გამარტივდეს, მაგრამ პრინციპები არ შეიცვლება, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა დაკრედიტების წესები გაამარტივოს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პირველი არხის ეთერში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესების გამკაცრებისთვის რიგი ზომები მიიღო. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა მხოლოდ კრედიტის მიღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ შეუძლია. გარდა ამისა, განისაზღვრა კრედიტის ყოველთვიური გადასახადის ლიმიტიც, დაკრედიტების ვადები, აიკრძალა 200 ათას ლარამდე თანხის დოლარში გაცემა.

„ჩვენ ყოველთვის ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ მოხდეს გადახედვა და თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ეს პროცესი წარიმართებოდა. ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო გამარტივებული იყოს რეგულაცია, მეტად გასაგები იყოს და თუ რამე ბიუროკრატიული ტვირთია, ეს ტვირთი გაქრეს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ამავე დროს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ ბიუროკრატიული სისტემის გამარტივებაზე და არა პრინციპების გადახედვაზე.

ეროვნული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
ექსპერტები: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კრედიტების გაძვირებას გამოიწვევს

„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები ყოველთვის იქნება, მაგრამ ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო გამარტივებული იყოს და თუ რამე ბიუროკრატიული ტვირთია, რომლის მოშორებაც შეიძლება, მოვაშოროთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ახალი სისტემის შედეგები შეაჯამა.

„დაახლოებით ცხრა თვე არის გასული, ვფიქრობ, ის ძირითადი მიზნები, რასაც ვფიქრობდით, რომ უნდა მიგვეღწია, ეს არის შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემის მიმართულებით, არის მიღწეული. ამავე დროს, დაკრედიტების ზრდა კურსის ეფექტის გარეშე არის 14%, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და შესაბამისობაშია ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის პერსპექტივებთან“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

„აწარმოე საქართველოში“ დღეიდან ახალ პროგრამას იწყებს >>

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, შეინიშნება საკრედიტო პორტფელის გაჯანსაღება – სესხები უფრო კარგი მაჩვენებლებით და გაუმჯობესებული სტანდარტებით გაიცემა.

ასევე, ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ იპოთეკური სესხების კუთხით გაუმჯობესება შეინიშნება.

„საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები - Sputnik საქართველო
საქართველოში სამომხმარებლო სესხების რაოდენობა შემცირდა

„იპოთეკური სესხები ლარში იზრდება, რაც მოსახლეობის უფრო მეტ დაცულობას უზრუნველყოფს. მაგრამ გაიცემა დიდი მოცულობის სწრაფი ყაჩაღური სესხები, რომლებიც, როგორც წესი, გაიცემოდა გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე, ხოლო მსესხებელი განწირული იყო გაკოტრებისათვის", - განაცხადა გვენეტაძემ.

ამასთან, „გადასახადის გადამხდელთა კავშირის" თავმჯდომარემ გიგლა მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა გადახედოს იპოთეკური სესხების სტანდარტები.

„შეიძლება, იპოთეკურ სესხებში გარკვეული პრობლემები შეიქმნა ბოლო პერიოდში და გაიზარდა პრობლემური სესხები, ეს ძირითადად იყო დაკავშირებული ლარის კურსთან და არა სესხების გაცემის სტანდარტების შემცირებასთან. ამიტომ ეს სხვა ტიპის პრობლემაა, შესაბამისად მე პირადად ვერ დავრწმუნდი იმაში, რომ იპოთეკურ სესხებს ეს რეგულაციები აუცილებლად სჭირდებოდა, შედეგი კი სახეზე გვაქვს: შემცირებული ზრდა მშენებლობაში, შემცირებული დასაქმება და შემცირებული ინვესტიციები. ამიტომ სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით რეგულაციები კიდევ უფრო უნდა შემსუბუქდეს“, – განაცხადა მიქაუტაძემ პირველი არხის ეთერში.

საქართველოს საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი მცირდება >>

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ონლაინ და სწრაფ სესხთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ზომები დროული იყო.

დაკრედიტების ახალი წესებით, სხვა ყველაფერთან ერთად, დადგენილია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები. იპოთეკური სესხი არ გაიცემა 15 წელზე მეტი ვადით, ქონებრივი უზრუნველყოფით სამომხმარებლო სესხი - 10 წელზე მეტი ვადით, ავტოკრედიტის მაქსიმალური ვადაა 6 წელი, სხვა ტიპის კრედიტების - 4 წელი.

ყველა ახალი ამბავი
0