თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა, განაცხადა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ ბრიფინგზე.
მზად ვართ, ტურისტები ყველა ქვეყნიდან მივიღოთ – კალაძე რუსი ტურისტების შესახებ >>
ოპოზიციურმა ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების პროექტი წარუდგინა.
ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".
„ეს ინიციატივა, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული. შეუძლებელია ეს არ ესმოდეთ ინიციატივის ავტორებს. რადგანაც ესმით, ე.ი. სწორედაც ამ შედეგების გამოწვევა სურთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ წარმოადგინა „მავნე ინიციატივა, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის დასჯისკენ არის მიმართული“.
„ევროპული საქართველოს“ პროექტი გულისხმობდა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესებას ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს.
ორშაბათს დოკუმენტი წარედგინა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს, მაგრამ უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭირა.
საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც რთული ურთიერთობები გამწვავდა მას შემდეგ, რაც თბილისში დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. 20 ივნისს თბილისის ცენტრში ანტისაოკუპაციო აქციები დაიწყო. ამ მოვლენების და საქართველოს პირველი პირების მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. ამავე დროს რუსმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეაჩერეს. ხელისუფლების ვარაუდით, ზარალმა შესაძლოა 750 მილიონი აშშ დოლარი შეადგინოს.