თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საავტომობილო მოძრაობა ვარაზისხევიდან სავაჭრო ცენტრ „პიქსელამდე" ჭავჭავაძის გამზირზე დღეიდან აღდგა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე დედაქალაქის მერიამ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყო. სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად თბილისის ხელისუფლებამ გამზირის ეტაპობრივად გადაკეტა გადაწყვიტა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო გზის მონაკვეთი თსუ-ის პირველი კორპუსიდან „პიქსელამდე", სწორედ ეს გზა გადაიკეტა პირველ ეტაპზე.
გზის ამ მონაკვეთზე ასფალტის პირველი ფენის დაგება გუშინ დასრულდა. გამთენიისას მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა ტერიტორია გაწმინდეს. ამის შემდეგ საავტომობილო მოძრაობა მელიქიშვილის გამზირისკენ ნაწილობრივ აღდგა.
ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, ტრანსპორტი შემდეგი სქემით გადაადგილდება: ვაკიდან მელიქიშვილის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს აბაშიძის ქუჩით, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთის ან ერისთავის ქუჩებიდან უკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან უხვევს.
ნაწილობრივ შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. ავტობუსები N9 და N59, მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან უხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი - მელიქიშვილის ქუჩას უკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებით გადიან კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებიან.
ავტობუსი N66, რომელიც შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრაობს, მრგვალი ბაღიდან ჯერ ერისთავის, შემდეგ კი ფალიაშვილის ქუჩაზე უხვევს და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან უკავშირდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ჭავჭავაძის გამზირის რემონტი სრულად წლის ბოლომდე დასრულდება.
მერიამ პროექტს ეპოქალური უწოდა, რადგან ასეთი საფუძვლიანი რემონტი აქ რამდენიმე ათწლეულია არ ჩატარებულა.
პროექტის მეორე ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, მაგრამ, როგორც უფრო ადრე ქალაქის მერმა განაცხადა, ეს სამუშაოები მძღოლებს მოძრაობაში ხელს არ შეუშლის.
ყველაფერი განახლდება: როგორ არემონტებენ ჭავჭავაძის გამზირს თბილისში – ფოტო>>
რემონტის შემდეგ ავტობუსები გამზირის ცენტრში იმოძრავებენ. ინფრასტრუქტურაც შესაბამისად მოეწყობა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფრანგულმა კომპანია Sistra-მ, რომელმაც საგზაო ინფრასტრუქტურის შესწავლის ტენდერში გაიმარჯვა.