სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძეზე, სავარაუდოდ, სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. შემოდგომის დასაწყისში საგზაო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ რა ხდება ახლა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე.
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში უნდა შეიცვალოს მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის საფარი სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე.
დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ სარემონტო სამუშაოების პერიოდში გამზირის ეტაპობრივად გადაკეტვა გადაწყვიტა.
პირველ ეტაპზე გადაიკეტა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე (ჭავჭავაძის #34) მონაკვეთი. ქალაქის ხელისუფალთა თქმით, გამზირის ეს მონაკვეთი არის უმძიმეს მდგომარეობაში.
ავტომობილისტები რემონტის პერიოდში ჭავჭავაძის მიმდებარე ქუჩებით სარგებლობენ. „საცობების“ თავიდან ასაცილებლად ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილების მიმართულება დროებით შეიცვალა.