თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა, ნათქვამია
ღვინის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ღვინის ფესტივალი „თელავინო 2019“ კახეთში ოქტომბერში გაიმართება >>
ქალაქ თელავში ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი „რთველი 2019“, რომელიც მევენახეებს ჩამბარებლის მოძებნაში ეხმარება. შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 220 კომპანია.
„გასული დღეღამის განმავლობაში, კახეთის რეგიონში 50-მდე ღვინის საწარმომ 7 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში რთველის 2019-ის პროცესში ყურძენი საწარმოებს უკვე 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
აღსანიშნავია, რომ წელს კახეთში ყურძნის მდიდარ მოსავალს ელოდებიან. 14 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთში გადამუშავებულია 37 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის: 21 ათასი ტონა რქაწითელი, 11 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე. დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
გასულ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის რეკორდული რაოდენობა - დაახლოებით 230 ათასი ტონა გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 300 მილიონ ლარს გადააჭარბა. დღევანდელი კურსით ეს 111 მილიონ დოლარს აჭარბებს.