თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. გურჯაანის რაიონის მევენახეებმა გამართეს აქცია და ყურძნის ჩაბარების ფასის გაზრდა მოითხოვეს.
კახელი მევენახეები ყურძნის ფასის გაზრდას მოითხოვენ: აქცია ყვარელში >>
აქციაში მონაწილეობა მიიღო ახაშენის, ზეგაანისა და მუზუკანის დაახლოებით 100-მა მევენახემ. რთველის დაწყებიდან ეს უკვე მეორე საპროტესტო აქციაა. პირველი აქცია ყვარელში გაიმართა.
„მერის მოწვევით აქციის ყველა მონაწილე მოვიდა გურჯაანის მერიაში, სადაც გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათი მთავარი მოთხოვნაა ყურძნის ფასის გაზრდა, ითხოვენ სუბსიდირებას“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა.
დღეს საწარმოებში 1 კგ ყურძნის ჩაბარების ფასია 70 თეთრი, რაც, მევენახეების თქმით, მიზერული თანხაა. ისინი ამტკიცებენ, რომ ვენახების მოვლის ხარჯების ანაზღაურება და რაიმე მოგების მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყურძენი სულ მცირე 1 ლარი იღირება.
აქციის მონაწილეებს შეხვდნენ გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლევან მეხუზლა და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.
შეხვედრაზე მევენახეებს კვლავ განუმარტეს, რომ სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას აღარ განახორციელებს. ამაზე ხელისუფლებამ უარი 2017 წელს თქვა. ყურძნის ჩაბარების ფასს თავად ბაზარი განსაზღვრავს.
ფერმერებს აუხსნეს, რომ თანხები დაიხარჯა მელიორაციის სისტემაზე, მეხამრიდებზე და შეღავათიან აგროკრედიტებზე.
წელს მთავრობამ 20 მილიონი ლარი გამოყო იმისათვის, რომ რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი 70 თეთრზე დაბალი არ იყოს. მთავრობა აფინანსებს საწარმო „აკურას“ კახეთში, რომელიც ამ ფასად იბარებს ისეთ ყურძენსაც, რომელიც კერძო ქარხნებმა უფრო იაფად შეაფასეს.
საკოორდინაციო შტაბი „რთველი 2019“, რომელიც ქალაქ თელავში ფუნქციონირებს, მევენახეებს ჩამბარებლის მოძებნაში ეხმარება.
მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება >>
აღსანიშნავია, რომ წელს კახეთში ყურძნის მდიდარ მოსავალს ელოდებიან, თუმცა მისი რეალიზაციის საკითხი კვლავ პრობლემატურია. პროგნოზების თანახმად, ყურძენზე მოთხოვნა დაბალი იქნება. კერძო კომპანიები რუსეთის მიერ დაწესებულ ემბარგოს უფრთხიან და ცდილობენ, სანამ ვითარება სტაბილური არ გახდება, რისკებს თავი აარიდონ.