თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში ქარხნებისთვის ჩასაბარებელ ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
აქციაში სოფლების გავაზის, ჭიკაანის, ზინობიანისა და ახალსოფლის მოსახლეობის ნაწილი მონაწილეობდა, რომლებიც ხელისუფლებას ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან შუამდგომლობას სთხოვდნენ.
მევენახეების თქმით, 1 კგ რქაწითელში გადახდილი 70 თეთრი ძალიან ცოტაა და ამ ჯიშის ყურძნის ფასი ერთ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
„გაძვირდა ცხოვრება. ვენახებს მუშა, საწვავი და შხამ-ქიმიკატი სჭირდება. ისევ 70 თეთრს გვაძლევენ. ექსპორტი გაიზარდა და ვფიქრობდი, რომ წელს უკეთესი ფასი იქნებოდა, მაგრამ სულ ტყუილად. ასე ვერ შევთანხმდებით და ამ რეალობას ვერ შევეგუებით“, — განაცხადა მევენახე თენგიზ დათუნაშვილმა.
მისი თქმით, კახელი გლეხები ასეთ მიდგომას არ იმსახურებენ და ისინი თხოვნით მიმართავენ ხელისუფლებას, უშუამდგომლოს მათ კერძო კომპანიებთან, რათა ყურძნის ფასი გაიზარდოს.
„იმდენი გადაგვიხადონ, რამდენიც საჭიროა, რომ ჩვენი შრომა დაფასდეს. ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს რქაწითელი“, — ამბობს მევენახე.
ფერმერებმა ხელისუფლებას ორი დღის ვადა მისცეს ვითარების გამოსწორებისთვის. თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, ისინი მასობრივი აქციებით იმუქრებიან.
მევენახეებს უკვე შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის „რთველი 2019“-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი. აქციაზე გადაწყდა, რომ მევენახეების მოთხოვნას ახალსოფლის საზოგადოებრივ ცენტრში შეხვედრაზე განიხილავენ.
საკოორდინაციო შტაბი „რთველი 2019“, რომელიც ქალაქ თელავში ფუნქციონირებს, მევენახეებს ჩამბარებლის მოძებნაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ წელს კახეთში ყურძნის მდიდარ მოსავალს ელოდებიან, თუმცა მისი რეალიზაციის საკითხი კვლავ პრობლემატურია. პროგნოზების თანახმად, ყურძენზე მოთხოვნა დაბალი იქნება. კერძო კომპანიები რუსეთის მიერ დაწესებულ ემბარგოს უფრთხიან და ცდილობენ, სანამ ვითარება სტაბილური არ გახდება, რისკებს თავი აარიდონ.