იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი: რა გელოდებათ უნივერსიტეტებში პირველ დღეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსტუდენტები თავისუფალი უნივერსიტეტის კიბეზე
სტუდენტები თავისუფალი უნივერსიტეტის კიბეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში თქვენთვის სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრილიყავით, მაგრამ ახლა ახალი დილემის წინაშე ხართ – არ იცით როგორ უნდა მოიქცეთ პირველ დღეს და მრავალი შეკითხვა გებადებათ...

პირველ დღეს ყველას ეს სჭირს. მაგრამ ნუ დაიძაბებით და თამამად დასვით შეკითხვები, რომ მერე, როგორც ამას სტუდენტები უწოდებენ, „პინგვინებივით“ არ მოგიწიოთ დერეფნებში ბოდიალი.

მორჩა! დამთავრდა ეროვნული გამოცდები და, აი, უნივერსიტეტის პირველი დღეც ახლოვდება. ვიცი, ნერვიულობთ. ძალიან რთულია 12-წლიანი მონოტონური ერთიდაიგივეობის შემდეგ ახალ გარემოში გადაინაცვლოთ. თან აქ ყველაფერი თქვენზეა უკვე დამოკიდებული. სკოლის პირველი დღისგან განსხვავებით, მშობელი გვერდით არ გყავთ, უკვე სრულწლოვანები ხართ და თქვენ თავზე თქვენვე აგებთ პასუხს. არ არის ადვილი საქმე. 

მამაკაცი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
საყოველთაო სენი: როგორ დავაღწიოთ თავი ინტერნეტ-დამოკიდებულებას

პირადად მე პირველ დღეს განუმეორებელი შეგრძნებებით ვიყავი დატვირთული. ასეთი შეგრძნება მას მერე არ მქონია. ერთდროულად სასიამოვნო და შემაშფოთებელი იყო. არ ვიცოდი, როგორი ლექტორები შემხვდებოდნენ, ან როგორი ჯგუფელები მეყოლებოდნენ, ან, საერთოდ, როგორ უნდა მოვქცეულიყავი.

რეგისტრაციამდე ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთე. მშობლებმა, მგონი, ისიც ვერ გაიგეს, ეროვნულ გამოცდებს რომ ვაბარებდი. მაგრამ ახლა რა მჭირდა, ვერ ვხვდებოდი. შიშის და ინტერესის გრძნობა დამეუფლა... ყურსასმენებში ჩემი საყვარელი მუსიკა ჩავრთე და მაინც გაბედულად შევაბიჯე უნივერსიტეტში.

აუდიტორიის ძებნაში ლექციაზე დამაგვიანდა, თუმცა გამიმართლა – ლექტორი ჯერ არ იყო მოსული. როგორც პირველკურსელებს ეძახიან, ზუსტად ისე, „პინგვინივით“ დავხეტიალობდი დერეფნებში, სანამ საჭირო ოთახს მივაგენი. ბოლოს და ბოლოს, ვიპოვე. იქვე სტუდენტები იყვნენ „დაყუდებულები“, ლექტორს ელოდებოდნენ. სახეზე ეწერათ, ისინიც პირველკურსელები იყვნენ. სხვებსაც რომ შევატყვე მღელვარება, მერე უკვე დავწყნარდი. მივხვდი, რომ ყველა ჩემსავით ნერვიულობდა და უსაფუძვლო შიშიც გამიქრა.

ახალგაზრდა თანამშრომელი კაფეში - Sputnik საქართველო
რაში იხარჯება მომავლის ენერგია, ანუ როგორ ატყუებენ დიდი კომპანიები ახალგაზრდებს

უნივერსიტეტი ახალი, სრულიად განსხვავებული სამყაროა. საერთოდ არ ჰგავს სკოლას. აქ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. სანერვიულო არაფერია-მეთქი, გეტყოდით, მაგრამ არ გიშველით. უნდა ინერვიულოთ – ეს ყველაფერი, უბრალოდ, ნაწილია ახალ გარემოსთან შეგუებისა. ნელ-ნელა ეს შეგრძნება გაგიქრებათ და ყველაფერს მიეჩვევით.

მაგრამ მე თუ მკითხავთ, უნივერსიტეტში საუკეთესო პერიოდი, სანამ შეეჩვევით, მანამდეა. გაკვირვებული, გაფართოებული თვალებით რომ დადიხარ დერეფანში შენ ახალგაცნობილ ჯგუფელებთან ერთად და ყველაფერს ათვალიერებთ. ერთმანეთის გაცნობით გახარებულებს სახლში წასვლა აღარც მოგინდებათ. 

აქ გატარებულ წლებს ხშირად საუკეთესო პერიოდად მოიხსენიებენ ხოლმე. ჯერ მეორე კურსზე ვარ, მაგრამ უკვე ვხვდები, რატომ ამბობენ ამას. უამრავი ახალი ადამიანი, უამრავი ახალი ისტორია და მოგონება. ეს ყველაფერი სწორედ იმ დღეს იწყება, როცა პირველად შეაბიჯებთ იმ შენობაში, რომელსაც უნივერსიტეტი ჰქვია. წარმოგიდგენიათ, როგორი ამაღელვებელი უნდა იყოს ეს ყველაფერი – როცა არ იცი, რა გელოდება წინ, მაგრამ ის კი უეჭველად იცი, რომ კარგი დრო იწყება, ცხოვრების გამორჩეული პერიოდი. ყველაზე უფრო კი მაშინ აფორიაქდებით, როცა ამ ყველაფერს საბოლოოდ გაიაზრებთ. 

ვინც წელს ჩააბარეთ, გილოცავთ ამ წინ გადადგმულ ნაბიჯს, ხოლო ვინც არა ან ვერ – გირჩევთ, რომ აუცილებლად ყველა ძალა იღონოთ და უსიკვდილოდ ჩააბაროთ მომავალ წელს, რადგან უნივერსიტეტი საუკეთესო გამოცდილება იქნება თქვენი ცხოვრების განმავლობაში. 

ბაიკერი - Sputnik საქართველო
გადასხედით მოტოციკლებზე: სამყარო სავსე თავისუფლებით, ექსტრემით, სიამოვნებითა და ...

იქ კიდევ თქვენსავით აღელვებული ასობით პირველკურსელი დაგხვდებათ. შეეცადეთ გამოელაპარაკოთ ჯგუფელებს. საერთოს ადვილად იპოვით, რადგან ერთ ფაკულტეტზე ჩააბარეთ. გაიაზრეთ, რომ მარტო არ ხართ და სხვა „ბავშვებიც“ თქვენსავით არიან აფორიაქებული. ისინიც ხომ თქვენთან ერთად დგამენ ამ მეტად საპასუხისმგებლო ნაბიჯს. გაიცანით რაც შეიძლება მეტი ახალი ადამიანი. უნივერსიტეტში ყველა პროფესიის ადამიანს შეხვდებით და რა იცით, იქნებ რომელიმე მათგანი მომავალში დაგეხმაროთ კიდეც საქმიანობაში. 

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თუ გინდათ, ინერვიულეთ, თუ გინდათ – არა. მაგრამ, დამიჯერეთ, შედეგი ბოლოს მაინც ერთი იქნება: უნივერსიტეტი, განათლებასთან ერთად, უამრავ კარგ მოგონებას და ერთგულ მეგობრებს დაგიტოვებთ. ეს ფაქტია! 

ყველა ახალი ამბავი
0