მანქანების რაოდენობის მატებასთან ერთად საცობებიც იზრდება თბილისში. ქალაქი განტვირთვას საჭიროებს. საათობით დგახარ გადაჭედილ გზაზე, გაუწყვეტელი სიგნალები ნერვების გიშლის, ერთი და იგივე მუსიკაც უკვე ყელში ამოვიდა, თიშავ რადიოს და ნატრობ, რომ ყველაფრისგან დაღლილი, როგორმე სახლში აღმოჩნდე მალე. ამ დროს შორიდან გესმის ზუზუნი, პატარა ზომის მოტოციკლეტი „ნაზად“ მიდი-მოდის მანქანებს შორის, ისე, თითქოს საცობი არც არის, და სანამ შენ ამ ტანჯვას თავს დააღწევ, ის უკვე დიდი ხნის გასული იქნება სამშვიდობოს.
კარგი იქნებოდა, იმ მოტოციკლეტზე შენ იჯდე, არა? იქნებ გიფიქრია კიდევაც ახალ ტრანსპორტზე გადაჯდომა?
მოტოციკლეტები ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია, მე თუ მკითხავთ, და მისი შეძენაც საკმაოდ იაფი ჯდება.
სანამ წერას დავიწყებდი, ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილ მოტომძღოლებს გავესაუბრე და მათ ცოდნაზე დაყრდნობით შევეცდები, პასუხი გავცე დამწყები მოტოციკლეტისტების ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას.
რა უნდა გაითვალისწინოს დამწყებმა მძღოლმა, პირველი მოტოციკლის შეძენისას
პირველი მოტოციკლის შეძენა მეტად საპასუხისმგებლო და რთული საქმეა. ამ დროს ყველაფერია გასათვალისწინებელი: სიმაღლე, წონა, სურვილები თუ გემოვნება. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველი მოტოციკლეტი სრულიად უნდა აკმაყოფილებდეს შენს მოთხოვნილებებს, რადგან მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეეჩვევი და ისწავლი მართვას.
სანამ პირველ შენაძენს გააკეთებთ, ჯერ კარგად დაფიქრდით, რას მოელით თქვენი ახალი „მეგობრისგან“, წყნარი, ადვილად სამართავი მოტოციკლეტი გინდათ ქალაქისთვის თუ ჩქარი, შეშლილი ბაიკი ცარიელი ტრასებისთვის? იქებ საერთოდ გადაკარგული უგზო მთა-გორების დალაშქვრა გინდა რკინის მეგობართან ერთად? ამ კითხვაზე პასუხი დაგეხმარებათ კონკრეტული მოტოციკლეტის მოდელის არჩევაში და მეტად გაგიადვილებთ საქმეს.
პირველი მოტოციკლეტი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს სწრაფი. ბევრი დამწყებისგან მსმენია, რომ მაღალი კუბატურის მოტოციკლეტის ყიდვას აპირებს, რაც არასწორი არჩევანია. დამწყები რაიდერი უბრალოდ ვერ გაუმკლავდება სწრაფ მოტოციკლეტს. მოტოციკლეტი ავტომანქანებისგან იმით განსხვავდება, რომ მის დაზიანებას ფინანსურ ზარალთან ერთად, მძღოლის ჯანმრთელობისთვის სერიოზული პრობლემებიც მოყვება. მოტოციკლეტზე კი დაცემისა და დაზიანების თავიდან არიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მასზე საერთოდ არ დაჯდებით. სხვა შემთხვევაში ეს გარდაუვალია და უბრალოდ მართვის სწავლის ნაწილია.
რა არის მოტოციკლეტების უპირატესობა სხვა ტრანსპორტთან შედარებით
გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია? მოტოციკლეტები ძალიან მოსახერხებელი, ჩქარი ტრანსპორტია, ეკოლოგიურად შედარებით სუფთაა, ვიდრე სხვა ტრანსპორტი და არც პარკინგისთვის სჭირდება დიდი ადგილი. არ არსებობს საცობი, სადაც ეს მოქნილი, პატარა რკინა ვერ გაძვრება. ფასებითაც თუ შევადარებთ, მოტოციკლეტის შეძენა ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მანქანისა. ამასთან, მოტოციკლეტი საგრძნობლად ცოტა საწვავს მოიხმარს, რაც დადებითად აისახება თქვენს ჯიბეზეც და გარემოზეც. წონაში
დაკლების მსურველებიც მინდა გავახარო: მოტოციკლეტის ტარება კალორიების დაწვას უწყობს ხელს - ენერგია, რომელსაც იყენებ ბალანსის შესანარჩუნებლად, კარდიო ვარჯიშის ერთი სესიის დროს გამოყოფილ ენერგიას უდრის.
მოტოციკლეტები ნაკლებ ზიანს აყენებენ ინფრასტრუქტურასაც... მოკლედ, უსასრულოდ შემიძლია გავნაგრძო ამ ტრანსპორტის დადებითი თვისებების ჩამოთვლა. თუმცა აქცენტი მაინც მინდა გავაკეთო მის ყველაზე დიდ უპირატესობაზე - შეგრძნებებზე; თავისუფლების იმ შეგრძნებაზე, რომელსაც სხვა ტრანსპორტით უბრალოდ ვერ განიცდი.
მოტოციკლეტების ფასები
მოტოციკლეტების ფასები ერთმანეთისგან მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე განსხვავდება. საქართველოში ძირითადად მეორად მოტოებს ყიდულობენ, რადგან ბევრად უფრო იაფია. კარგი მეორადი ბაიკის შეძენა დაახლოებით 1 ათასი დოლარიდან 5 ათას აშშ დოლარამდე ჯდება. არის უფრო ძვირებიც, თუმცა მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ ფინანსები ამისთვის, არ ღირს ბევრი ფულის გადახდა პირველ მოტოციკლეტში. ეს იმიტომ, რომ გეყოლებათ ცოტა ხანი, რომ მიეჩვიოთ, გაიგოთ, როგორ იმართება, ჩამოგიყალიბდეთ ტარების რეფლექსები, შეიძინოთ ზოგადი განათლება მოტოციკლეტების შესახებ და მიხვდეთ, რას მოითხოვთ მისგან. სწავლების პროცესში რამდეჯერმე დაეცემით კიდევაც, შემდეგ, დიდი ალბათობით, ამ მოტოციკლეტს გაყიდით და თქვენზე უკეთ მორგებულს შეიძენთ.
საფრთხე გზებზე
მიუხედავათ ამდენი პლუსისა, მოტოციკლეტები ნამდვილად არ არის უსაფრთხო ტრანსპორტი. გამოუცდელ მძღოლებს ხშირად მოსდით შეცდომები, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა მაინც გზაზე არასწორი პოზიციის არჩევაა. საქართველოში ავტომობილების მძღოლები ძირითადად არ აქცევენ ყურადღებას მოტოციკლებს და შეიძლება უნებლიეთ ავარიაც კი მოუვიდეთ. ასეთი ავარიების შანსების შესამცირებლად შეგიძლიათ მოტოციკლეტის შეძენისას შედარებით მკვეთრი ფერის მოტო აარჩიოთ, რომ უფრო შესამჩნევი და თვალში საცემი გახდეთ მანქანის მძღოლებისთვის. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ გზაზე დახატულ საგზაო ნიშნებზე საბურავები ძალიან სრიალებს, არა მარტო სველ ამინდში, არამედ მშრალშიც. ამიტომ აირიდეთ მასზე დამუხრუჭება.
გზაზე საფრთხეები ძალიან ბევრია, თუმცა მათი თავიდან აცილება უმეტეს შემთხვევაში მაინც შესაძლებელია. ავარიების მთავარი გამომწვევი მიზეზი უყურადღებობა და სიჩქარეა. გამოცდილი მძღოლები ყოველთვის ურჩევენ დამწყებებს, რომ რაც შეიძლება ნელა და ყურადღებით იარონ გზებზე. წამიერი ექსტრემის შეგრძნება არ ღირს სიცოცხლის ფასად!
აუცილებელია მოტოეკიპირების ქონა, პირველ რიგში, ჩაფხუტისა, ტყავის ხელთათმნების, ტყავის მოსაცმელისა და სამუხლეებისა. ყოველთვის მზად უნდა იყოთ წაქცევისთვის - მერწმუნეთ, თავიდან დაცემას არავინ აპირებს, მაგრამ...
გააზრებული უნდა გქონდეთ, რომ ავტომობილის მძღოლმა შეიძლება ვერ დაგინახოთ, უხეშად ჩაგიჭრათ გზა, ან ქვეითმა გადაგირბინოთ წინ ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა გადასულიყო.
მოკლედ, არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ მოტოციკლი არ არის უსაფრთხო ტრანსპორტი. მეტიც, ოდნავი ყურადღების მოდუნებამაც კი შეიძლება ფატალური შედეგი გამოიღოს. შესაბამისად, არ ვურჩევ ყველას, რომ ამ ტრანსპორტით ისარგებლონ. მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ამ ყველაფერს გაუმკლავდეთ, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მოტოსამყაროში, რომელიც სავსეა თავისუფლებით, ექსტრემით, სიამოვნებითა და... ტკივილით.