თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციამ Momxmarebeli.ge საფრანგეთის ერთ–ერთ ლაბორატორიაში შეამოწმა 35 დასახელების კოსმეტიკური საშუალების ნიმუშები, რომლებიც საქართველოში იყიდება, და ხუთ მათგანში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება აღმოაჩინა. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზეა აღნიშნული.
ბათუმში სილამაზის სალონები შეამოწმეს: 5 სალონის საქმე სასამართლოში განიხილება >>
შემოწმებული კოსმეტიკური საშუალებების სიისა და მათი ხარისხის შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ორგანიზაციის ვებგვერდზე. მათ შორის არის პოპულარული მწარმოებლების სახის კრემები, ლოსიონები, სახისა და სხეულის სკრაბები, შამპუნები, შხაპის გელები, ფრჩხილის ლაქი.
ფრანგული ლაბორატორიის სპეციალისტებმა კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში აღმოაჩინეს პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც ევროპის ქვეყნების პარფიუმერულ–კოსმეტიკურ მრეწველობაში აკრძალულია. პარაბენები კოსმეტიკურ, ფარმაცევტულ და კვებით მრეწველობაში ფართოდ გამოიყენება კონსერვანტების სახით ანტისეპტიკური თვისებების გამო.
ტყვია ბავშვების სისხლში – ყველაზე საგანგაშო ვითარება აჭარაშია >>
პარფიუმერულ–კოსმეტიკური პროდუქცია შეამოწმეს ასევე კონსერვანტებისა და ბარიუმის შემცველობაზე, მაგრამ ეს ნივთიერებები ნორმის ფარგლებში აღმოჩნდა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ პარაბენები ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე, საერთო განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.
„პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ ორგანიზაცია წლების განმავლობაში საუბრობს ამ პრობლემაზე და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისი რეაგირება არ ჩანს.
მავნე ნივთიერებები იქნა აღმოჩენილი ისეთ ცნობილ კოსმეტიკურ პროდუქციაში, როგორებიცაა Garnier–ს ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი, ფრჩხილის ლაქი Olivia, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი Amalfy, თმის საღებავი CLAIROL, ტუჩის საცხი MAT.