თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა EURO-2020-ის შესარჩევი მატჩი დანიის გუნდთან ფრედ დაასრულა.
თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული D ჯგუფის მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა.
პირველ ნახევარში დანიელები უტევდნენ და მეკარე გიორგი ლორიამ გუნდი არაერთხელ იხსნა. მეორე ნახევარში კი ქართველები შეტევაზე გადავიდნენ და ვაკო ყაზაიშვილმა 76-ე წუთზე მიზანს ოდნავ აცდა. შემდეგ ორივე გუნდმა თითოჯერ შეტევა განახორციელა, თუმცა უშედეგოდ.
ჯგუფში დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. შვეიცარიის ნაკრებმა შინ გიბრალტარის გუნდი ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის ხუთი ჩატარებული საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და D ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს. ვაისის შეგირდები დამარცხდნენ შვეიცარიასთან (0:2), ირლანდიასთან (0:1) და დანიასთან (1:5) და მოიპოვეს მხოლოდ ერთი გამარჯვება გიბრალტართან (3:0).
ლიდერი კვლავ ირლანდიაა, რომლის აქტივში 11 ქულაა. მეორე ადგილზე დანიაა - 9 ქულით, ხოლო მესამეზე - შვეიცარიაა (8ქულით). თუმცა, შვეიცარიელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ევრო-2020-ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს თბილისში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.