თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ჩვენ შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, განაცხადა პირველი არხის ეთერში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
ლარის სასექტემბრო „ამბიციები“, ანუ სულ უფრო დაბლა და ფსკერთან ახლოს... >>
ივანე მაჭავარიანმა გიორგი გახარიას ახალ მთავრობაში ფინანსთა მინისტრის პოსტი შეინარჩუნა. პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა დღეს გამოუცხადა.
ლარის კურსი დოლარის მიმართ 20 ივნისიდან დაეცა. თუ 20 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,7871 GEL/$1 იყო, 8 სექტემბერს ეს კურსი უკვე 2,9636 GEL/$1-ია.
„პირველ რიგში ეს გამოწვეულია იმით, რომ რეგიონი სწრაფად ვერ ვითარდება. ამას ემატება 20 ივნისის დრამატული მოვლენები, რომლმაც პირველივე თვეს 60 მილიონ დოლარიანი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს. საგარეო შოკის შემთხვევაში პირველ დარტყმას იღებს კურსი და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რეალურ სექტორზე არ გადავიდეს. მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა 6%, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ფუნდამენტურად ჯანმრთელია და ეკონომიკის სიმყარე აუცილებლად გამოიწვევს ლარის გამყარებას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6,1% შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალური ზრდა 5,1%-ით განისაზღვრა.
თბილისში საპროტესტო აქციები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 20 ივნისს დაიწყო. 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქცია არეულობებში გადაიზარდა. პოლიციამ აქცია რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
ექსპერტები: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კრედიტების გაძვირებას გამოიწვევს >>
საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოში წამომსვლელთა განაცხადების მიღება შეაჩერეს. რუსი ტურისტები ბოლო დრომდე საქართველოში ტურისტების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილს იკავებდნენ. უფრო ადრე საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში განაცხადეს, რომ რუსული სანქციების შედეგად ზარალმა, შესაძლოა, 2,1 მილიარდ ლარს მიაღწიოს.