თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერა გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
საკონკურსო სექცია „ჰორიზონტში“ რეჟისორ დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“ აჩვენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კინოფესტივალზე იმყოფება ფილმის რეჟისორი, მსახიობი ნატალია ჯუღელი და ფილმის პროდიუსერი სულიკო წულუკიძე.
ამასთანავე, „ბოროტმოქმედი” უკვე იხილა ფესტივალზე აკრედიტებულმა ათასობით ჟურნალისტმა, რომლებიც ვენეციის კინოფესტივალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშუქებენ.
ფილმი „ბოროტმოქმედი“ საქართველოსა და რუსეთის კოპროდუქციაა. ნუარის (ე.წ. შავი ფილმი) ჟანრის დრამა მოგვითხრობს 25 წლის ინჟინრის გიორგი მესხის ისტორიას, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის, მეკარის კონსტანტინე გელოვანის მკვლელობის შემთხვევითი მოწმე ხდება. ეს მოვლენა მამაკაცის ცხოვრებას ყირაზე აყენებს: გიორგი იწყებს მოკლულის ახალგაზრდა და ლამაზი ქვრივის თვალთვალს და რატომღაც პისტოლეტსაც ყიდულობს.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი, მადონა ჩაჩხიანი, ნუკრი რევიშვილი, ანა თალაკვაძე და სხვები. ფილმის საუნდტრეკის ავტორები არიან ნიკა კოჩაროვი და სოფი ვილი.
„როდის დაბრუნდება ნინო“ – რუსმა ქალმა ქართველ მამაკაცზე ფილმი გადაიღო და ჯილდო დაიმსახურა >>
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი 1932 წელს დაარსდა და ის ყოველწლიურად აგვისტოს ბოლოს იტალიის კუნძულ ლიდოზე იმართება. 76-ე ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე სამხრეთამერიკელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი იქნება.
ვენეციის 76-ე კინოფესტივალი 7 სექტემბერს დაიხურება და გამარჯვებულების ვინაობაც დახურვის ცერემონიაზე გამოცხადდება.