ვალერიანო გამგებლის იუბილე საქართველოში კონცერტით აღინიშნება

© Facebook / Tbilisi Opera and Ballet State Theatreთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზეიმო კონცერტზე შესრულდება ცნობილი არიები ბელინის, დონიცეტის, ვერდისა და პუჩინის ოპერებიდან.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ქართველო საოპერო მომღერალი, ტენორი ვალერიანო (ნუგზარ) გამგებელი, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია ესპანეთში ცხოვრობს, თავის 60 წლის იუბილეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 24 სექტემბერს საზეიმო კონცერტით აღნიშნავს.

„ღამის სერენადები“ - დიდებული ატმოსფერო და დიდი მუსიკოსები>>

ვალერიანო გამგებელი საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილადანაა. მისი მამა გუნდში მღეროდა, იყო ქართული ფოლკლორის თაყვანისმცემელი, პოეტი და ქართული ლიტერატურის მასწავლებელი. სიმღერის სურვილი ვალერიანოს ცნობილი იტალიელი მომღერლის რობერტო (რობერტინო) ლორეტის შემოქმედებამ გაუჩინა.

გამგებელმა შვიდი წლისამ ისწავლა ფანდურზე, გიტარაზე და სალამურზე დაკვრა, შემდეგ – ფორტეპიანოზე. 1987 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ნოდარ ანდღულაძის კლასი).

„ლა სკალას" სცენაზე ქართველმა ბარიტონმა ვუდი ალენის მიერ დადგმულ ოპერაში იმღერა>>

საოპერო სცენაზე გამგებლის დებიუტი 1989 წლის 14 იანვარს ვერდის „ბალ-მასკარადში" გაიმართა. შემდეგ წარმატებით შეასრულა წამყვანი პარტიები ოპერებში „ტოსკა", „რიგოლეტო", „ტრავიატა", „აბესალომ და ეთერი", „ქეთო და კოტე" და სხვ. გასტროლებზე იმყოფებოდა გერმანიასა და ესპანეთში.

ვალერიანო გამგებელი შვიდი წლის განმავლობაში თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. 1990-იან წლებში, საშემსრულებლო ტექნიკის დახვეწის მიზნით, მადრიდში ცნობილ პედაგოგთან ალფრედო კრაუსთან გაემგზავრა და იქვე დარჩა საცხოვრებლად. მისი დებიუტი ესპანურ სცენაზე 1997 წელს შედგა კატალონიის საოპერო თეატრში, სადაც ბიზეს „კარმენში" ხოზეს პარტია შეასრულა.

ვერდის ფესტივალი დასრულდა: დასკვნითი საღამო Black Sea Arena-ზე გაიმართა>>

გამგებლის საიუბილეო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები მარიკა მაჩიტაძე, ირმა ბერძენიშვილი, ირინე რატიანი, მაყვალა ასპანიძე, თეა დემურიშვილი.

მომღერლებს თანხლებას გაუწევს ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით. სცენაზე აჟღერდება ცნობილი არიები ბელინის, დონიცეტის, მასნეს, ვერდის, მასკანის, პუჩინის, ჯორდანოსა და ბიზეს ოპერებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0