„კულტურული ფორმით წავიდა" – ივანიშვილი ბახტაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბახტაძემ ჩათვალა, რომ დროა პრემიერის თანამდებობა ახალს დაუთმოს, აღნიშნა ივანიშვილმა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გადამდგარ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ ტოვებს მთავრობის მეთაურის თანამდებობას, რადგან ამ პოსტზე თავისი მისია უკვე შეასრულა. მის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას კანდიდატურაა წარდგენილი.

სად მიდის ბახტაძე?>>

სამშაბათს „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნა, რომ ბახტაძის გადადგომის თემა საპარალამენტო უმრავლესობასთან ჯერ კიდევ კვირას განიხილეს.

„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდა კულტურული ფორმით, კარგია, თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში. კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდთან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი, დანარჩენი პროცესები ჩაირთო და დაიწყო. ჩათვალა, რომ მან თავისი სიტყვა თქვა და ადგილი დაუთმო", – განაცხადა ივანიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, 2012 წლიდან მმართველმა გუნდმა შვიდი წლის განმავლობაში ოთხი პრემიერი შეცვალა. თავიდან აღნიშნული თანამდებობა პარტიის ლიდერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკავა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2013 წელს მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ივანიშვილი აღნიშნულ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა, რომელიც ივანიშვილის ახლო გარემოცვის ერთ-ერთ ნდობით აღჭურვილ პირად ითვლება. მთავრობაში ღარიბაშვილს მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინეს

ბახტაძე – დოსიე

მამუკა ბახტაძე 1982 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამის შემდეგ, 2010 წელს მან მიხაილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიიღო, ასევე INSEAD-ს ბიზნეს–სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია.

2005–2006 წლებში ბახტაძე სს „საქართველოს რკინიგზაში" პროექტის მენეჯერი იყო, 2007–2008 წლებში – სასტუმროების ქსელ „რჩეულის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2010–2012 წლებში ბახტაძე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2013–2017 წლებში კი სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი.

2017 წლის ნოემბერში მამუკა ბახტაძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.

ყველა ახალი ამბავი
0