წიწაკა (Capsicum) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეთა გვარი; მრავალწლოვანი ბუჩქბალახია. კულტურაში გვხვდება ოთხი სახეობა. მათგან ევრაზიაში ფართოდაა გავრცელებული მექსიკური წიწაკა (Capsicum annuum), ანუ მწარე წიწაკა.
ზოგადად, წიწაკის მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – ტკბილი და მწარე. მწარე წიწაკის სახეობაა წითელი წიწაკა, ანუ ჩილი chilli (აცტეკების ენიდან ითარგმნება, როგორც წითელი).
წიწაკის სამშობლოა ტროპიკული ამერიკა. მისი კულტივირება ევროპელების ამერიკაში ჩასვლამდე დიდი ხნით ადრე, დაახლოებით 6 ათასი წლის წინ მოხდა. ამაზე პერუს სამარხები მეტყველებს. ამჟამად წითელი წიწაკა ბევრგან მოჰყავთ, ძირითადად, ტროპიკულ ქვეყნებში, ყველაზე მეტი კი – ინდოეთსა და ტაილანდში.
საინტერესო ფაქტი: წიწაკის სახეობა bhut jolokia გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე მწარე წიწაკა. მისი სიმწარე დაახლოებით მილიონ ერთეულს შეადგენს. ინდოეთში ამ წიწაკისგან მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე მუშაობენ.