წიწაკა (Capsicum) — მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბუჩქბალახი, კულტურაში ერთწლოვანი ბოსტნის მცენარეა. გვხვდება წიწაკის 4 სახეობა, განასხვავებენ წიწაკის ცხარე და ტკბილ ჯიშებს. ცხარეს იყენებენ საკმაზ-სანელებლად, ტკბილს — საკონსერვო და კულინარიულ წარმოებაში. ბულგარული წიწაკა ტკბილი წიწაკის სახეობაა.
ბულგარული წიწაკის სამშობლო, მიუხედავად მისი დასახელებისა, სამხრეთ ამერიკაა, ის ევროპაში კოლუმბის ექსპედიციის შემდეგ გამოჩნდა. პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ამ წიწაკის მოყვანა დაიწყო, ესპანეთი იყო.
რატომ ეწოდება სამხრეთ ამერიკიდან შემოსულ ბოსტნეულს ბულგარული ჩვენთან და არა ევროპის სხვა ქვეყნებში, ან თავად ამერიკაში, ამაზე სხვადასხვა ვერსია არსებობს და დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ წიწაკის გავრცელება რუსეთში და მთლიანად ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ბულგარელებს უკავშირდება. ერთ–ერთი ვერსიით, გასული საუკუნის 50–60-იან წლებში, როცა ბულგარეთი „გასოციალისტურდა“, საბჭოთა კავშირის ბაზარზე შემოიტანა აგრარული პროდუქცია, მათ შორის – წიწაკა. აქედან – როგორც ბულგარეთიდან შემოტანილი წიწაკა – დამკვიდრდა მისი დასახელება და გავრცელდა მათ შორის საქართველოშიც. ბულგარეთში დიდი ხანია მოჰყავდათ წიწაკის ეს სახეობა და, ზოგადად, ბულგარელმა სელექციონერებმა გამოიყვანეს ტკბილი და მსხვილნაყოფიანი ჯიშები, რომელსაც ვუწოდებთ სწორედ ბულგარულ წიწაკას (ცნობისათვის – თავად ბულგარელები ამ წიწაკას, უბრალოდ, ტკბილ წიწაკას უწოდებენ).
ბულგარული წიწაკა თავისი შემცველობით უნიკალური პროდუქტია. მასში შედის ვიტამინები – А, С, Р, В–ჯგუფის – В1, В2, В3, В5, В6, В9; მინერალური ნივთიერებები – კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, ქლორი, რკინა, ფტორი, თუთია, იოდი; ის შეიცავს უჯრედისს, ცილებს, ნახშირწყლებს, ალკალოიდებს და სხვა.
ბულგარული წიწაკა დაბალკალორიულია (28 კკალორია 100 გრამ პროდუქტზე) და დიეტური პროდუქების რიცხვს განეკუთვნება, ხოლო С და А ვიტამინების შემცველობით იმუნიტეტის ამაღლებისუნარიანი პროდუქტების სიაში ლიდერის პოზიციები უკავია. თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციის თვისებით მცენარის ნაყოფს დაავადებების დიდი სპექტრის მკურნალობაში შეუძლია დახმარება.
ასევე აღსანიშნავია, რომ თერმული დამუშავების შედეგად ბულგარულ წიწაკაში სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი არ ნადგურდება.
ბულგარული წიწაკის გამოყენება რეკომენდებულია სახსრების ტკივილისა და მაღალი ქოლესტერინის დროს.
ვიტამინი В6–ისა და ფოლიუმის მჟავის დიდი შემცველობის წყალობით მცენარე აბრკოლებს იშემიური დაავადებების განვითარებას.
ბულგარული წიწაკა რეკომენდებულია მწეველებისთვისაც – ის ტოქსინებისგან წმენდს ფილტვებს და იცავს პათოლოგიური ცვლილებებისგან. სასუნთქი გზების ენფიზემის დროს მის მიღებას ყოველდღიურად ურჩევენ.
ბულგარული წიწაკა დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ნაადრევი დაბერების, სისხლძარღვების დაზიანების დამცველად წიწაკაში შემავალი Р ვიტამინი და ასკორბინის მჟავა გვევლინება, ის ხელს უწყობს კაპილარების კედლების სიმტკიცეს და ელასტიკურობას. ის ათეროსკლეროზისა და თრომბოზის კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.
ბულგარული წიწაკა, რომელიც თავისი უნიკალური თვისებებით სტაფილოს უთანაბრდება, ასევე ცნობილია სასარგებლო თვისებებით ფრჩხილებისა და თმის ზრდისა და გამაგრებისთვის. ის მოქმედებს მხედველობაზე და კანის რეგენერაციაზე.
ეს პროდუქტი თავიანთ რაციონში უნდა ჩართონ ადამიანებმა, ვისაც აქვს კანის დერმატიტი, შაქრიანი დიაბეტი, განსაკუთრებით, თუ აწუხებს მუდმივი უძილობა და სტრესი, გაფანტულობა და ცუდი მეხსიერება.
განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ბულგარული წიწაკა ინტელექტუალური შრომით დაკავებულ და ასაკოვან ადამიანებზე – ის მათი მთავარი დამხმარე და მკურნალია.
მასში დიდი რაოდენობით მიკრო- და მაკროელემენტების შემცველობა ძალიან კარგად მოქმედებს ქალების, განსაკუთრებით ორსულების ჯანმრთელობაზე – რომ არ შეიქმნას პრობლემები ძვლოვან სისტემასთან, თმასთან, კბილებთან და ფრჩხილებთან დაკავშირებით, ბულგარული წიწაკა ყოველდღე უნდა იყოს მათ რაციონში. ასევე კარგია ის მამაკაცებისთვის – გამელოტების პროცესს აფერხებს.
ბულგარული წიწაკა შედის ნევრალგიების, რადიკულიტისა და ართრიტის სამკურნალო სხვადასხვა მალამოს, პლასტირის შემადგენლობაში.
ცოტა ხნის წინ იტალიელმა მეცნიერება ბულგარულ წიწაკაში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას აფერხებს. ეს ნივთიერება განსაკუთრებით მწვანე ბულგარულ წიწაკაშია.
ბულგარული წიწაკა ეხმარება შემდეგი დაავადებების განკურნებას:
• დეპრესია
• შაქრიანი დიაბეტი
• დერმატიტი
• ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები
• ძალების დაქვეითება
• კანის, ფრჩხილების, თმის პრობლემები
• დაბალი იმუნიტეტი
• ოსტეოპოროზი
• მადის უქონლობა
• ჰიპერტონია
• ანემია
• სისხლის შედედების მაღალი მაჩვენებელი
• გაზები, სპაზმები და კოლიკები ნაწლავებში
ბულგარული წიწაკის მიღება არ შეიძლება წყლულების, გასტრიტის მომატებული მჟავიანობით, კოლიტის, ჰემოროის, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების დროს.