თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ორი ადამიანი დაშავდა ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს Mercedes-სა და Honda-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შედეგად დაშავდა ერთ–ერთ ავტომობილში მყოფი მგზავრი და იქვე მყოფი ქვეითად მოსიარულე ქალი.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
„პაციენტები მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში იმყოფებიან. მათ უტარდებათ შესაბამისი კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევები და მკურნალობა. ორივეს აღენიშნებათ მრავლობითი ტრავმა, მდგომარეობა ჯერ-ჯერობით სტაბილურია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
შსს–ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და რომელიც ჩადენილია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.