თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხილვას სამშაბათს გააგრძელებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ კვირას გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
შეხვედრას, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა, ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და შს მინისტრი გიორგი გახარია.
„ქართული ოცნება“ პარლამენტის „ცხელი“ საშემოდგომო სესიისთვის მოემზადება >>
„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა იყო და გაგრძელდება სამშაბათს პოლიტსაბჭოზე. ვფიქრობ, ხვალ დილას გეცოდინებათ, საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ და შესაბამის განცხადებას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მას არ უსაუბრია სხდომისა და მიღებული გადაწყვეტილებების დეტალებზე, თუმცა აღნიშნა, რომ კორექტულობისა და კოლეგიალობის სტანდარტი უნდა შენარჩუნდეს. ამასთან მან განაცხადა, რომ ამ საკითხში ყველას ერთი პოზიცია გააჩნია.
ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია შესაძლო საკადრო ცვლილებებზე მთავრობაში, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზეა მოსალოდნელი. სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერი მამუკა ბახტაძე თანამდებობას დატოვებს და მას ამ პოსტზე გიორგი გახარია შეცვლის. ასევე საუბრებია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის შესახებ.
ადრე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მმართველი პარტია პარლამენტს განახლებულ წინასაარჩევნო პროგრამას წარუდგენს და მთავრობის შემადგენლობა მის მოთხოვნებზე იქნება დამოკიდებული. მან ასევე დაამატა, რომ საკადრო ცვლილებები ცოცხალ პროცესს წარმოადგენს.
პარლამენტის საშემოდგომო სესია: თარიღები და მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებები >>
მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. მმართველმა პარტიამ უკვე შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც, ოპოზიციის მოთხოვნით, საპარლამენტო არჩევნების შერეულიდან პროპორციულზე გადასვლას ითვალისწინებს.