თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Black Sea Music and Art Festival 1 სექტემბერს ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მსოფლიოში განთქმული პიანისტის, ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნება.
„იუნესკოს მშვიდობის“ არტისტმა ელისო ბოლქვაძემ ფესტივალი 2013 წელს დააარსა. ღონისძიებისთვის ახალი სახელწოდების მინიჭების იდეაც (ადრე ფესტივალის სახელწოდება იყო Batumi Music Fest) ელისო ბოლქვაძეს ეკუთვნის. ე.წ. რებრენდინგი ღონისძიების მნიშვნელობისა და მასშტაბურობის გაფართოების მიზნით ჩატარდა.
ფესტივალი 10 სექტემბრამდე გასტანს. ბათუმში კონცერტების გარდა, ფესტივალის მონაწილეები, რომელთა შორის ცნობილი ვარსკვლავები და დამწყები მუსიკოსები არიან, საქართველოს რეგიონებში წარდგებიან: ზუგდიდში (8 სექტემბერს) და ჩოხატაურში (9 სექტემბერს).
ბოლქვაძის მოწვევით აჭარის დედაქალაქში კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები შეიკრიბნენ.
„დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ – დედაქალაქი გასტრონომიულ ფესტივალს უმასპინძლებს >>
ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე პუბლიკის წინაშე წარდგებიან იტალიელი გიტარისტი კლაუდიო პიასტრა და ფლეიტისტი ლუიზა სელო, ასევე ფრანგი პიანისტი ლიდი სოლომონი, რუსი პიანისტები ალექსანდრა მასალევა, ალექსანდრ გაჯიევი და სხვები.
წელს ფესტივალზე სიახლეა - იგი პირველად გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს მთავრობის პატრონაჟით.