სამოქალაქო კოდექსი მშობლებს არასრულწლოვანი შვილების მიმართ უამრავ უფლება-მოვალეობას აკისრებს. ისინი ვალდებული არიან იზრუნონ მათ ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ თუ სოციალურ განვითარებაზე და აღზარდონ საზოგადოების ღირსეულ წევრად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მას მშობლის უფლებაც კი ჩამოერთვას.
დღევანდელ სტატიაში აგიხსნით, რა შემთხვევაში ხდება მშობლის უფლების ჩამორთმევა და რა პროცედურები მიმდინარეობს სამართლებრივად. ასევე, რა სამართლებრივი შედეგები მოსდევს მშობლის უფლების ჩამორთმევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვას, შეჩერებასა და ჩამორთმევას.
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა
გაითვალისწინეთ, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამასთან, თუ ბავშვის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა, ასეთი ბავშვის მიმართ დგინდება მეურვეობა და მზრუნველობა.
მშობლის ყველა სხვა უფლების შეზღუდვის დროს, რამდენადაც შესაძლებელია, მას უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება. კანონმდებლობის თანახმად, აქ საალიმენტო მოვალეობები იგულისხმება.
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეჩერება
გაითვალისწინეთ, მშობლებს უჩერდებათ მშობლების უფლება – იყვნენ შვილის წარმომადგენლები სასამართლოზე, სადაც განიხილება ბავშვის აღზრდის და, განქორწინების შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ საკითხები.
ასევე, თუ მშობლები თანახმა არიან გააშვილონ ბავშვი, მათი ყველა უფლება ჩერდება.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ნაპოვნია და უცნობია მისი და მისი მშობლების ვინაობა და ადგილსამყოფელი, მშობლების უფლებები ჩერდება, ვიდრე მათ ვინაობას არ დაადგენენ.
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით.
მშობელს ყველა უფლება და მოვალეობა ჩამოერთმევა, თუ:
1. სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას;
2. არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით;
3. ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია;
4. ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის მათხოვრობა, მაწანწალობა);
5. რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული.
გაითვალისწინეთ, მშობლის უფლებამოვალეობაჩამორთმეული პირი კარგავს ნათესაობაზე დამყარებულ ყველა უფლებას იმ შვილთან ურთიერთობაში, რომლის მიმართაც მას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და მოვალეობა.
შვილი, რომლის მშობელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება და მოვალეობა, ინარჩუნებს ამ მშობლის მიმართ ნათესაობიდან გამომდინარე ქონებრივ უფლებებს, მათ შორის მემკვიდრეობის მიღების უფლებას.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ბავშვი, რომლის ორივე მშობელს ჩამოერთვა მშობლის უფლებები, უნდა იქნეს შვილად აყვანილი, ან მას უნდა დაენიშნოს მეურვე ან მზრუნველი.
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა
კანონმდებლობა განიხილავს რამდენიმე შემთხვევას, როდესაც შესაძლებელი ხდება მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა. აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით.
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
1. აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს;
2. პირისათვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის სურვილსაც, თუ მას შეუსრულდა ათი წელი;
3. მშობლის უფლებები და მოვალეობები ავტომატურად აღდგება შეჩერების ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაითვალისწინეთ, თუ ბავშვი სხვამ იშვილა, მის მიმართ არ დაიშვება მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შვილად აყვანა ბათილად იქნა ცნობილი.