თამარ გერლიანი
"ბავშვის უფლებათა კონვენცია“, რომელსაც გაეროს გენერალურმა ასაბლეამ 1989 წლის 20 ნოემბერს ერთხმად დაუჭირა მხარი, მსოფლიო მასშტაბის იურიდიული დოკუმენტია. კონვენციაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ ბავშვს აქვს სიცოცხლის, განვითარებისა და დაცვის უფლება, ასევე აქვს უფლება გააჩნდეთ საკუთარი აზრი და საკუთარი შეხედულებები თავისუფლად გამოხატოს. თუმცა ბავშვთა უფლებები ხშირად რეალურად ირღვევა, ამას ადასტურებს უამრავი მასალა, რომელიც ბავშვთა მიმართ ჩადენილ უსამართლობასა და ძალადობაზე მეტყველებს. ამის დასტურია ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი დონეც, პრობლემები ბავშვების სამედიცინო მომსახურებაში და ბავშვთა მიერ ბაზისური განათლების მიღების შეზღუდული შესაძლებლობები. სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა ჩვენთან ინტერვიუში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მაია ქურციკიძემ.
— ქალბატონო მაია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენად დაცულია ბავშვი საქართველოში?
— ბავშვის უფლებების კონვენცია მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც 1989 წელს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ ერთმნიშვნელოვნად მიიღო. ამ დოკუმენტმა საზოგადოების მიერ ამ საკითხისადმი დამოკიდებულება საერთოდ შეცვალა. თუკი ადრე თუ ბავშვი მხოლოდ ქველმოქმედების ობიექტად იყო მიჩნეული, ამ კონვენციის მიხედვით, ბავშვი არის სუბიექტი, რომელსაც ინდივიდუალური უფლებები გააჩნია. ბავშვთა უფლებების კონვენცია საკმაოდ უნივერსალური დოკუმენტია, რომელიც ბავშვის სხვადასხვა უფლებებს მოიცავს. მასში შედის ბავშვის უფლება ჯანდაცვაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე. მასში გაერთიანებულია როგორც სამოქალაქო უფლებები, ისე სოციალურ —ეკონომიკური და კულტურული უფლებები. შეგახსენებთ, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციას 1994 წელს შეუერთდა, რის შემდეგაც სახელმწიფომ ამ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საკუათარ თავზე აიღო. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავასახელებთ ქვეყანას, სადაც ბავშვის უფლებები სრულად არის დაცული, ის მეტ-ნაკლებად ყველგან ირღვევა. რაც შეეხება საქართველოს, რასაკვირველია, ვერ ვიტყვით, რომ კონვენცია აქაც სრულადაა დაცული, თუმცა გარკვეული მიმართულებით გაუმჯობესება შეინიშნება. თუ შევადარებთ მდგომარეობას, რაც 25 წლის წინ, კონვენციის მიღებამდე იყო, რასაკვირველია, მდგომარეობა გამოსწორდა…
— თუ შეგიძლიათ, დაგვიკონკრეტოთ ეს ცვლილება ყველაზე მეტად სად შეინიშნება?
— მაგალითად, შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა, ბავშვები სრულად არიან ჩართული განათლების სისტემაში, მაგრამ ბუნებრივია, რჩება ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემები, როგორიც მაგალითად, ბავშვთა სიღარიბეა. ჩვენი მონაცემით 50 ათასი ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. თუმცა, ამ მხრივ მნიშვნელოვანი გარღვევა მაინც შეინიშნება: წელს არსებული სოციალური სისტემა გადაისინჯა. ჩვენი მონაცემებით, არსებული სოციალური დაცვის სისტემა ბავშვის ინტერესებს საკმარისად ვერ ითვალისწინებდა. საქართველოში ბავშვიანი ოჯახები უფრო ღარიბი იყო, ვიდრე სხვა ოჯახები. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო არსებული სისტემა გადასინჯულიყო, რათა მას ღარიბი და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებები უკეთ განესაზღვრა. ამ სისტემის გადასინჯვა იურისტების დახმარებით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტორს მიერ მოხდა. ახალი სისტემის მიხედვით, ყველა ბავშვზე გათვალისწიებულია ფულადი დანამატი, რომელიც აქამდე არ არსებობდა.
— ქალბატონო მაია, როგორც ვიცით, ბავშვთა სახლები დაიხურა, მათი ჩანაცვლება მოხდა მცირე საოჯახო ტიპის სახლებით, სადაც ბაშვები ოჯახურ გარემოში იზრდებიან, თუმცა რამდენიმე ბავშვთა სახლი მაინც მოქმედებს….
— დიახ, სულ არსებობდა 41-ზე მეტი ბავშვთა სახლი, რომელიც დაიხურა. ბავშვების უმრავლესობა საკუთარ ოჯახში დაბრუნდა, მხოლოდ ნაწილზე გავრცელდა ზრუნვის სხვა ფორმა. დღესდღეობით დარჩენილია ორი დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუცია: თბილისისა და კოჯრის ბავშვთა სახლები და სენაკი, სადაც ძირითადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ცხოვრობენ, რადგან ვერ მოხერხდა ამ ბავშვებისთვის ზრუნვის სხვა ფორმის შეთავაზება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მსგავსი პრობლემის ბავშვებისთვის არ არის შესაბამისი დახმარება, სერვისები და ა.შ. ასევე ამ ბავშვების მიმართ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტიგმა. ეს ორი ბავშვთა სახლი მაინც რჩება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია ამ ბავშვთა სახლების დახურვაც და იქ მყოფ ბავშვთა ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში განთავსება.
— თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა ბავშვი სკოლიდანვე ეცნობოდეს საკუთარ უფლებებს და ამ თვალსაზრისით, რა ხდება ქართულ სკოლებში?
— დღესდღეობით არსებობს სამოქალაქო განათლების საგანი, თუმცა აუცილებელია, ადამიანის უფლებების შესწავლას უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდეს. სამწუხაროდ, შესაბამისი საგანი ცალკე არ ისწავლება. აბსოლიტურად გეთანხმებით, რომ აუცილებელია ბავშვი სკოლიდანვე, მე ვიტყოდი, საბავშვო ბაღიდანვე, (რა ფორმითაც შესაძლებელია) საკუთარ უფლებებს ეცნობოდეს. რამდენადაც ჩვენს საზოგადოებაში უფლებების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობს, ადამიანს ჰგონია, რომ ეს უფლებები განყენებული ცნებაა და მათ ამ უფლებების რეალურად გამოყენება არ შეუძლიათ. შესაბამისად, არცოდნის შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ მის გამოყენებას და სახელმწოფოსგან იმის მოთხოვნას, რაც კანონით ეკუთვნით. ეს კი საჭიროა, რომ ბავშვი მომავალში სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბდეს და არა მხოლოდ საკუთარი უფლებების დაცვაში, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც მიიღოს მონაწილეობა.
— რა მეთოდით ხდება საქართველოში ბავშვის ინფორმირება საკუთარი უფლებების შესახებ?
— საქართველოში, ძირითადად, ძალადობრივი აღზრდის მეთოდები ისწავლება. მოსახლეობის 60 პროცენტი სწორედ ამგვარ მეთოდებს იყენებს ბავშვის აღზრდისას და ჩვენი კვლევებითაც დასტურდება, რომ მოსახლეობის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვის მიმართ ფიზიკურად დასჯის გამოყენებას, რაც თავისთავად შემაშფოთებელი მონაცემია. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს და თუ გვსურს, რომ საზოგადოება განვითარდეს და ამასთან, ის იყოს ღია და ცივილური, სადაც ძალადობას არ ექნება ადგილი. გარდა იმისა, ეს ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ, სულიერ და მორალურ განვითარებაზე, იგი თავად იწყებს ძალადობირივი მეთოდების გამოყენებას სხვების მიმართ. დიდი შანსია იმისა, რომ ბავშვი პოტენციურ მოძალადედ ჩამოყალიბდეს, ამიტომ მშობლებს დიდი სიფრთხილე მართებთ შვილების აღზრდისას,- მშობელი ყველანაირად უნდა დაეხმაროს ბავშვს მისი პრობლემის დაძლევაში. სამწუხაროა ის, რაც ჩვენი გამოკვლევებით დასტურდება, ანუ აბსოლუტური იგნორირება და პასიური დამოკიდებულება მოსახლეობის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არაფერს გააკეთებს იმ შემთხვევაში,თუკი ძალადობირივი შემთხვევის მოწმე გახდება. ასეთები მხოლოდ რიგითი მოქალაქეები არ არიან… უკვე მიღებულია კანონი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, ბავშვის ფიზიკური დასჯა ოჯახში, ძალადობის ფორმადაა მიჩნეული.
— რა შემთხვევაში ხდება მშობლის უფლების ჩამორთმევა?
— ასეთი რამ მხოლოდ სასამართლოს მიერაა შესაძლებელი, ისიც ძალიან უკიდურეს შემთხვევაში. როდესაც ბავშვის ყოფნას ოჯახში გარკვეული საფრთხე ექმნება და ეს კონკრეტულად ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება.
— საინტერესოა, რა ნიშნითა და კრიტერიუმებით ხდება ბავშვთა სახლების ბავშვებისთვის სავარაუდო მშობლის შერჩევა?
— ეს ყველაფერი გაწერილია პროცედურებში, რასაკვირველია, სავარაუდო მშობლის არჩევის დროს მკაცრი კრიტერიუმებია დაწესებული და გარკვეული ასაკობრივი ზღვარიც არსებობს. შემდგომ უკვე მიდის ამ ოჯახებთან მუშაობა და მათი მომზადება. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც ბავშვი განთავსდება მინდობით მშობელთან, სოციალური მუშაკი მათ რეგულარულ ამოწმებს. რასაკვირველია, ბავშვს მშობელს ვერავინ შეუცვლის, ამიტომ პრიორიტეტი ყოველთვის ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას ენიჭება.