თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგში მე-18) „დიდი სლემის" სერიის US Open ტურნირის მეორე წრეში გავიდა. ტურნირი ნიუ-იორკში მიმდინარეობს.
ბასილაშვილმა პირველ რაუნდში მძიმე და დაძაბულ ბრძოლაში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს ხუთ სეტში მოუგო 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3. თამაში სამ საათსა და 43 წუთს გაგრძელდა.
თამაში, პრაქტიკულად, ყველა კომპონენტში თანაბარი იყო. ეს დაპირისპირება ჩოგბურთელებს შორის მიმდინარე წელს უკვე მეხუთე იყო. ბასილაშვილს ამდენი შეხვედრა არც ერთ ჩოგბურთელთან არ ჩაუტარებია. US Open-ზე გამოსვლამდე პირადი შეხვედრების ანგარიში უნგრელის სასარგებლოდ იყო – 3:1. ახლა ანგარიშში ეს განსხვავება შემცირებულია.
ქართველი სპორტსმენის შემდეგი მეტოქე 18 წლის ამერიკელი ჯენსონ ბუკსბი იქნება, რომელსაც АТР-ს რეიტინგში 394-ე პოზიცია უკავია.
ბასილაშვილი გასულ წელს US Open-ზე მერვედფინალამდე მივიდა, სადაც ესპანელ რაფაელ ნადალთან ოთხ პარტიაში წააგო. ამგვარად, ქართველმა სპორტსმენმა გამომუშავებული 180 ქულა უნდა დაიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბასილაშვილი АТР-ს რეიტინგში პოზიციების დაკარგვით რისკავს.
US Open „ფლეშინგ მედოუზის" კორტებზე 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 28 619 ათასი აშშ დოლარი. მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.