რა კავშირშია მამუკა ხაზარაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღება ანაკლიის პორტთან

გამოწერა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, TBC Bank-ის დამფუძნებლის საბანკო ანგარიშების დაყადაღება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული არ არის.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. არც რომელიმე პროექტში მონაწილეობა, არც საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება არ ათავისუფლებს არავის პასუხისმგებლობისგან, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ TBC Bank-ის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისა და მისი ბიზნეს-პარტნიორის ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით. 

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია

პროკურატურამ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი დაახლოებით 17 მლნ დოლარის ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დასდო. საუბარია TBC Bank-ის 2008 წლის ერთ–ერთ საბანკო ოპერაციაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს გირაოს სახით 700–700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

„მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც სასამართლო განხილვის ეტაპზე გადავიდა. პროცესი გამჭვირვალეა. რა ზომას გამოიყენებს გამოძიება და პროკურატურა, ეს სრულიად მათი პრეროგატივაა. ნამდვილად ვერ დავეთანხმები ვინმეს, რომ ეს არის განპირობებული რომელიმე კონკრეტულ პროექტში მონაწილეობით. არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი სტატუსი, არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია. ეს არავის არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან“, – აცხადებს თურნავა.

ხაზარაძემ ანგარიშების დაყადაღება შეაფასა როგორც ხელისუფლების მცდელობა – არ დაუშვას დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის დაარსება და შეაჩეროს ყველა მიმდინარე საქველმოქმედო და ბიზნეს-პროექტები, მათ შორის, ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.

ხაზარაძე TBC Holding-ის დამფუძნებელია, რომელმაც ამერიკულ კომპანია Conti International LLC-თან ერთად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დააფუძნა. სწორედ ეს კონსორციუმი აშენებს ანაკლიაში პირველ ღრმაწყლოვან პორტს.

„ეს ანაკლიის პორტთან არანაირად დაკავშირებული არ არის“, – განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ხაზარაძის ბრალდებების კომენტირებისას. 

სამუშაოები ანაკლიის პორტში - Sputnik საქართველო
რა პირობა წაუყენა მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება მანამდე დაიწყო, ვიდრე ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ განაცხადა. აღნიშნული განცხადება ბიზნესმენმა ივლისის დასაწყისში გააკეთა.

ფულის გათეთრების საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა სექტემბერში გაიმართება. მაშინ იგეგმება საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაც, რომელიც, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიად გარდაიქმნება.

ხაზარაძე და ჯაფარიძე საკუთარ უდანაშაულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე აბსურდულია. უფრო მეტიც, ხაზარაძემ საქართველოს ხელისუფლებას არსებული მმართველობის სისტემის ნგრევის პირობა მისცა. მისი სიტყვებით, ისინი, ვინც 2012 წელს დაუჯერა და მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, მოტყუებული აღმოჩნდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0