თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქველმოქმედო ფონდის პრეზენტაცია 17 სექტემბერს იგეგმება, იუწყება პირველი არხი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
სალომე ზურაბიშვილმა დაარეგისტრირა საქველმოქმედო ფონდი, რომელშიც თებერვლის დასაწყისიდან თავის ხელფასს რიცხავს. ფონდის მიზანია საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციური პროექტების მოძიება და დაფინანსება.
ტელეარხის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფონდში თავმოყრილია 35 880 ლარი. პრეზიდენტის ხელფასი 5520 ლარია.
გარდა ამისა, ფონდის პრეზენტაციის დღეს წარმოდგენილი იქნება ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტი. ის გახდება პირველი პროექტი, რომლისთვისაც ფონდი ფინანსურ შემოწირულობებს მოიზიდავს.
ფონდში ამ დრომდე ზურაბიშვილის ხელფასის გარდა სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების მხრიდან თანხა არ შესულა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით 29 მაისს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის გაიხსნა პირველი სოციალური საწარმო „ანასტასია".
საქართველოში ძალადობის მსხვერპლთათვის პირველი საწარმო გაიხსნა>>
საწარმო ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა. ამ სოციალური საწარმოს მიზანია ქალებისთვის პროფესიული განათლების მიცემა და შემდგომი დასაქმება. ეს მათ დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარება.